მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის“ წევრების მიერ 2014 წელს შემთხვევით აღმოჩენილი ე.წ. „მურადის მღვიმე“ დღემდე სახელმწიფოსგან ყურადღების მოლდინშია. რა ღონისძიებებია საჭირო მღვიმის პოპულარიზაციისთვის და რა გაკეთდა 4 წლის განმავლობაში - Bm.ge კლუბ „თეთნულდის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს არჩილ გეგენავას ესაუბრა.
- ბატონო არჩილ, როდის და როგორ აღმოაჩინეთ მღვიმე და რატომ ჰქვია „მურადის მღვიმე“?
- მღვიმე ნაქერალას უღელტეხილის ტერიტორიაზე -იმერეთის და რაჭის საზღვართან მდებარეობს. თავდაპირველად, რაჭას ეკუთვნოდა, მაგრამ შემდეგ საზღვრები დაზუსტდა და ახლა იმერეთში შედის. 2014 წელს ძალიან შემთხვევით აღმოვაჩინეთ მღვიმე - არის ასეთი მწყემსი სახელად მურადი; მე და ჩემი მეგობრები სულ დავეძებთ ახალ ადგილებს. ერთხელაც ტყეში ვიყავით, როცა მურადი ვნახეთ; მან გვითხრა, რომ აქ რაღაც საინტერესო მღვიმეა, სადაც ღამეს ვათენებ ხოლმე, როცა საქონლის ძებნისას შემომაღამდებაო; ჩვენც დავინტერესდით. შევედით მღვიმეში - უნიკალურმა ნაღვენთმა ფორმებმა ჩვენი ყურადღება მაშინვე მიიქცია; ფოტოების გადაღებისას ჭერზე უცნაური ლაქა შევნიშნეთ - ჩემი მეგობარი აცოცდა და დაინახა ძალიან დიდი ტერიტორია უიშვიათესი სტალაქტიდებით - ყველა ძალიან ლამაზი და უცხო იყო; ვნახეთ 3 ჭა... მღვიმეში დაახლოებით, 900 მეტრის სიღრმეში შევედით; მღვიმე საკმაოდ ღრმაც არის - ასე 200 მეტრამდე; სახელიც მარტივად შერჩა მღვიმეს - „მურადის მღვიმეს“.
- მერე რა ქენით - ვის მიმართეთ?
- პირველი რაც გავაკეთეთ, ის იყო, რომ პრომეთეს მღვიმის სპელეოლოგებს დავუკავშირდით და მღვიმის ფოტოები გადავუგზავნეთ; მათ გვითხრეს, რომ ამ მღვიმეზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. შემდეგ დავუკავშირდით გეოგრაფიის ინსტიტუტს - „მურადის მღვიმეზე“ არც მათ სმენოდათ; სოფელშიც მოვიკითხეთ უხუცესებში, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა ამ უნიკალურ მღვიმეზე. ამის შემდეგ მღვიმის ფოტოები ჟურნალ "National Geographic საქართველოს" მთავარ რედაქტორს ლევან ბუთხუზს გადავუგზავნეთ. „National Geographic“ დაინტერესდა მღვიმით, ასევე, ლევან ბუთხუზის დახმარებით, „მურადის მღვიმის“ ფოტოები გადავუგზავნეთ „National Geographic“-ის ექსპერტს, რომელმა გვირჩია, რომ მღვიმეს პირველ რიგში სჭირდებოდა დაცვა. გარდა ამისა, ჩვენი სახსრებით "მურადის მღვიმის" შესახებ გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი - "ბუნების მუსიკა".
- შესაბამისი სახელმწიფო უწყებები როდის ჩააყენეთ საქმის კურსში?
- ძალიან მალევე ჩავაყენეთ ყველა საქმის კურსში - 2015 წელს მღვიმის შესახებ პრეზენტაცია და ფოტოები გავუგზავნეთ შესაბამის უწყებებს - ეკონომიკის სამინისტროს, ცალკე ტურიზმის ადმინისტრაციას და მის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძეს, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოს; საქმის კურსში იყო რაჭის გუბერნატორიც.
- რა მოითხოვეთ?
- მოვითხოვეთ ერთადერთი რამ, რაც გვირჩია „National Geographic“-ის ექსპერტმა, რომ მღვიმეს სჭირდებოდა დაცვა/შემოსაზღვრა, რათა ვინმეს არ დაეზიანებინა...
- რა პასუხი მიიღეთ?
- არაფერი... ერთადერთხელ მახსოვს, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო წინასაარჩევნოდ რაჭაში ჩამოსული და ახსენა, ახალი მღვიმე აღმოვაჩინეთ, რომელიც კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს რაჭაშიო. გვეგონა, მიხედავდნენ, მაგრამ მღვიმე არავის გახსენებია.
- საერთოდ არავინ შეგხმიანებიათ 2015 წლის შემდეგ?
- არა. ჩვენი ინიციატივით, 2015 წლის მერეც შევახსენეთ ამ მღვიმის არსებობაზე სხვადასხვა შეხვედრებზე და მაინც დუმილი იყო იმათგან; თუ რამე საშუალება გვქონდა ყველგან ვსაუბრობდით ამ მღვიმეზე ხელისუფლებასთან, მაგრამ - უშედეგოდ.
- ახლა რა სიტუაციაა მღვიმეში - ტურისტები დაგყავთ?
- არა.. მხოლოდ მეგობრები და ახლობლები, ვისაც ვენდობით და ვიცით, რომ ფართოდ არ გაავრცელებენ ამ მღვიმის შესახებ ინფორმაციას, რადგან გვეშინია არ დააზიანონ უცხო ადამიანებმა; მაგალითად, სტალაქტიდები არ დაჭრან და ა.შ. როგორც ნავენახევის მღვიმის შემთხვევაში იყო.
- Bm.ge-ის გვერდიდან დღეს რას ეტყოდით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს?
- დაინტერესდნენ ამ მღვიმით და მიაქციონ ყურადღება. თუ დაცულ ტერიტორიებად არ გამოაცხადებენ, რადგან თურმე მერე სახელმწიფოს მისი შენახვა ძვირი უჯდება, ბუნების ძეგლის სტატუსი მაინც მიანიჭონ, შემოსაზღვრონ და მღვიმის შესასვლელი დაიცვან.
- სტატუსის მინიჭების შემდეგი ეტაპი რა არის?
- რა თქმა უნდა, კვლევების ჩატარება. ჩეხმა ექსპერტებმა გვითხრეს, რომ მღვიმეს კვდომა აქვს დაწყებული, ამიტომ შესაძლოა, დასჭირდეს ხელოვნური დატენიანება; საჭიროა, ასევე მღვიმეში შესასვლელი მსუბუქი კონსტრუციის მოწყობა, რომ ტურისტებისთვის უნიკალური „მურადის მღვიმის“ დათვალიერება კომფორტული და უსაფრთხო იყოს... წინა მთავრობა უფრო დიდ ყურადღებას აქცევდა ტურიზმს. დღეს კი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დღეს ჰგავს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, მხოლოდ სტატისტიკაზე საუბრობენ და ნაკლებად ტურიზმში პოლიტიკის განსაზღვრაზე; ადმინისტრაცია მხოლოდ თბილისს, ბათუმს, მესტიას და ტურისტულად უკვე პოპულარულ ადგილებს აქცევს ყურადღებას, მაშინ როდესაც ქუთაისს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების; ეს ყველაფერი კი, მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის; იმედია, სახელმწიფო „მურადის მღვიმისთვის“ დროს გამონახავს და ყურადღებას მოგვაქცევს.
P.S. ე.წ. „მურადის მღვიმის“ თემაზე bm.ge შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაუკავშირდება და ექცევა თუ არა მღვიმეს საჭირო ყურადღება, ამაზე მკითხველს ჩავაყენებთ საქმის კურსში.