ქვეყანაში 2015 წლიდან ამოქმედებულ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში დღემდე 91 300-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, მკურნალობა დაასრულა 87 000-მა მოქალაქემ, განკურნების მაჩვენებელია 98.5%. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეასთან დაკავშირებით გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
უწყებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისები, როგორც დიაგნოსტიკა, ისე - სამკურნალო მედიკამენტი, ფინანსდება სრულად სახელმწიფოს მიერ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას, პაციენტის მხრიდან.
ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ჰეპატიტების პრევენციასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები და მიღწევები შეჯამდა.
მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით, ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა. მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება, საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებსა და B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებაში, თენგიზ ცერცვაძის ღვაწლი შეუფასებელია და მისი როლი გადამწყვეტი იყო როგორც პროგრამის დაგეგმვის, ისე - მისი ეფექტიანი განხორციელების პროცესში.
შეხვედრაზე, ელიმინაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ასპექტებზე, გადაცემის პრევენციაზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან, ქვეყანაში, მოქმედებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც, რომლის ფარგლებში, სახელმწიფო, სრულად ფარავს სკრინინგულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, ასევე, პაციენტებს, უსასყიდლოდ, გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.




























