მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2015 წლიდან მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის 215 ფაქტი გამოვლინდა - პროკურორობის კანდიდატი

გიორგი გაბიტაშვილი

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2015 წლიდან დღემდე მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის 215 ფაქტი გამოავლინა, მოქალაქეებს კი 66 მლნ ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდათ.

როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ეს დეპარტამენტი 2015 წელს შეიქმნა და ამ დროის განმავლობაში, 95 საჯარო მოხელის ბრალეულობაა დადგენილი, 485 მოქალაქე კი დაზარალებულადაა ცნობილი.

„95 საჯარო მოხელიდან სისხლის სამართლებრივი დევნა 31 პირის მიმართ დაიწყო და 16 პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი; 56 პირის მიმართ განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა; 8 საჯარო მოხელის მიმართ არ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა მისი გარდაცვალების გამო; 10 მოქალაქის ბრალეულობა დადგინდა; დაზარალებულად ცნობილია 485 პირი; 333 - ს სახელმწიფომ დაუბრუნა დაახლოებით 66 მლნ ლარის ქონება, მათ შორის მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები, თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ავტომანქანა, ძვირფასეულობა, ფერწერული ტილოები და ა.შ; გადაისინჯა განაჩენი 124 მსჯავრდებულის მიმართ, საიდანაც 30 პოლიტპატიმრის სტატუსს ატარებდა. 121 ასეთი მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო სხვა საქმეების განხილვა გრძელდება”, - განაცხადა პროკურორობის კანდიდატმა.

რაც შეეხება გამოწვევებს, გაბიტაშვილის თქმით, პირველ რიგში, ეს არის მოწმეთა ბაზის სიმცირე, უკვე დარჩენილ საქმეებზე. მისი თქმით, ზოგიერთი მოწმე გარდაცვლილია, ზოგი არაა საქართველოში და მათი მოძიება, ამ ეტაპზე, გართულებულია. ასევე გაბიტაშვილის თქმით, კიდევ ერთი სირთულეა საჭირო დოკუმენტების მოპოვების სირთულე, რადგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ზოგიერთი დოკუმენტი განადგურებულია, ზოგი თავიდანვე არ არსებობდა და ამიტომ ვერ ხერხდება ამ დოკუმენტების პოვნა და ესეც გვირთულებს საქმეს.

“პრობლემა ეს არის იძულებით დათმობილი და ჩამორთმეული ქონების პირვანდელი სახის არარსებობა და მათი აუქციონების გზით გასხვისება. მათ დღეს ჰყავთ კეთილსინდისიერი შემძენები და არ იქნება სამართლიანი აუქციონის გზით შეძენილი ქონება პირდაპირ ჩამოვართვათ ამ ხალს და დავუბრუნოთ მესაკუთრეს. ამ შემთხვევაში, უკვე ახალი მესაკუთრის უფლებების დაირღვევა“, - განაცხადა გაბიტაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები