2016 წელს მაშინდელი ფინანსთა მინისტრის მიერ დაანონსებული „ბიზნეს სახლი“ 2020 წელს გიაიხსნება. როგორც პროექტის კოორდინატორმა, ლადო ლურსმანაშვილმა bm.ge -ს განუცხადა ტენდერის საერთო ღირებულება შემცირდა, რათა უფრო კონკურენტული გახდეს ტენდერი და მეტ კომპანიას მიეცეს საშუალება ჩაერთონ პროცესებში.
ირკვევა, რომ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის სატენდერო თანხა 56 მილიონი ლარის ფარგლებში განისაზღვრა, პირველადი თანხა კი 70 მილიონ ლარზე მეტი იყო. რაც შეეხება ამ დრომდე ფიზიკურ კომპონენტზე დახარჯული თანხის მოცულობას, „ბიზნეს სახლის“ პროექტის კოორდინატორის თქმით ის 14 მილიონ ლარზე მეტია დღეის მდგომარეობით.
„სატენდერო დოკუმენტაცია ფაქტობრივად მზადების პროცესშია და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ 2019 წელს ეს ნაწილიც დასრულდება ანუ შესაძლებელი გახდება გამოვლინდეს გამარჯვებული, რომელიც დაკონტრაქტებიდან დაახლოებით ცხრამეტ თვეში დაასრულებს სამუშაოებს. აქედან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წელს ბიზნეს სახლი გაიხსენება“ - აცხადებს ლადო ლურსმანაშვილი.
„ბიზნეს სახლის“ პროექტთან დაკავშირებით მომზადდა კონცეპტუალური დიზაინი, ჩატარდა საინჟინრო-საპროექტო სამუშაოები და ამჟამად უკვე რკინა-კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფიზიკური კომპონენტი უკვე გადაეცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კერძოდ მუნიციპალური განვითარების ფონდს, რის შემდეგაც გამოცხადდა ტენდერი, თუმცა სამწუხაროდ გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა.
პროექტის კოორდინატორის განმარტებით რკინა-კონსტრუქციის სამუშაოების პარალელურად უკვე დასრულებულია ასობით სერვისის იდენტიფიცირება, რომელიც ბიზნეს სექტორისთვის იყო საინტერესო და შემუშავებულია „ბიზნეს სახლის“ ორგანიზაციული სტრუქტურა. „მალე ტენდერის გამოცხადებაა მოსალოდნელი სერვისების შესყიდვასთან დაკავშირებითაც, კერძოდ კი საკონსულტაციო კომპანიების მომსახურებასთან დაკავშირებით. აგრეთვე ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის მიზნით იგეგმება IT მომსახურებაზე ტენდერის გამოცხადებაც. „ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2018 წლის ბოლომდე „ბიზნეს სახლის“ პროექტის მართვის კომიტეტი ჩამოყალიბდება, რომელსაც უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, რაც ლადო ლურსმანაშვილის თქმით კიდევ უფრო გაამარტივებს და გააუმჯობესებს კოორდინაციას სამინისტროებთან.