მაგთიმ 2017 წელს 404 მილიონი ლარის შემოსავალის გენერირება შეძლო, ამ თანხიდან კომპანიის მოგება 99 მილიონ ლარს შეადგენდა.
საქართველოს კომუნიკაციების ბაზარზე სამი კომპანია დომინირებს. მათგან ყველაზე დიდი საბაზრო წილი მაგთის უჭირავს. "მაგთი" აგრეთვე ინტერნეტის ბაზარზეც ყველაზე დიდი მოთამაშეა, კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, "მაგთის" ინტერნეტით 364 ათასი აბონენტი სარგებლობს. ბაზარზე მეორე ადგილზე "სილქნეტია", რომელმაც 2018 წელს მეორე უმსხვილესი მობილური ოპერატორი “ჯეოსელი” შეიძინა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში მობილური ოპერატორების აბონენტთა გადანაწილება ასეთია:
"მაგთი" - 1,995,229 მომხმარებლი;
"ჯეოსელი" - 1,790,198 მომხმარებელი;
"ბილაინი" - 1,129,586 მომხმარებელი.
მობილური ოპერატორების 2017 წლის ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე დიდი მოგება "მაგთის" ჰქონდა, "ჯეოსელის" მოგებამ 26 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო "ბილაინმა" 50-მილიონიანი ფინანსური ზარალი განიცადა.
უფრო კონკრეტულად "მაგთის" შემოსავლების ძირითადი წყაროები ასეთია:
შემოსავალი სატელეფონო მომსახურებიდან - 209 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 8%;
შემოსავალი ინტერნეტის მიწოდებიდან - 77 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 247%;
შემოსავალი ურთიერთჩართვიდან - 56.4 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 9%;
შემოსავალი სატელიტური ტელევიზიიდან - 18.7 მილიონი ლარი, კლება 0.5%;
შემოსავალი ინტერნეტ ტელევიზიიდან - 18 მილიონი ლარი, ზრდა 260%;
შემოსავალი როუმინგიდან - 9 მილიონი ლარი, კლება 19%;
შემოსავალი ხაზების იჯარიდან - 6.5 მილიონი ლარი, კლება 13%;
ერთჯერადი მომსახურების შემოსავალი - 2.4 მილიონი ლარი, კლება 17%;
რაც შეეხება გაყიდვების თვითღირებულებას ანუ იმ ფასს, რაც "მაგთიმ" მომხმარებელთათვის სერვისის მიწოდებაში თავად გაიხადა, ეს 262 მილიონ ლარს შეადგენდა.
ხარჯებს შორის 85 მილიონი ამორტიზაციასა და ტექნიკური აპარატურის ცვეთაზე მოდის, თანამშრომელთა ანაზღაურებაზე - 52.6 მილიონი ლარი, აბონენტთა სხვა ქსელებზე ურთიერთჩართვაზე - 50 მილიონი ლარი. მთლიანობაში კომპანიის მოგებამ 99 მილიონი შეადგინა, ეს 2016 წელს არსებულ 76 მილიონთან შედარებით 24%-ით მეტია.
შპს "მაგთიკომი"-ს მესაკუთრეები არიან: "International Telcell Cellular, LLC" - ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ფლობს კომპანიის 51%-ს და "Telcell Wireless LLC" - ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც კომპანიაში 49%-იანი წილის მფლობელია. კომპანიის მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენს დოქტორი გიორგი ჯოხთაბერიძე.
"მაგთი" 6,100-ზე მეტ გადამცემ სადგურს ფლობს, რითაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის 98%-ს ფარავს.