2017 წელს მთავრობის საგარეო ვალის მომსახურებამ 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
მისივე ინფორმაციით, გასულ წელს სავალუტო ხარჯები იყო 230 მლნ აშშ დოლარი. ამაში მოიაზრება საელჩოებისთვის, თავდაცვისთვის და ა.შ. გაწეული ხარჯები.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დინამიკაზე 2017 წელსაც, ტრადიციულად, რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მოქმედებდა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონები, საქართველოს მთავრობის ხარჯები და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული კრედიტები და გრანტები.
„2017 წლის განმავლობაში სავალუტო აუქციონებით ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 129.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავე დროს, გალარების პროგრამის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა 78.7 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა ბაზარს. გასული წლის განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და დონორი სახელმწიფოებიდან სხვადასხვა პროგრამების და პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრანტებისა და სესხების, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაფართოებული მექანიზმის ფარგლებში მიღებული ტრანშების, ჯამური ოდენობა 497 მლნ აშშ დოლარს უტოლდება“, - წერია ანგარიშში.