მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2017 წელს "ორი ნაბიჯის" გაყიდვები 56%-ით, 168 მილიონ ლარამდე გაიზარდა

5c127fb859f87
BM.GE
14.12.18 11:35
3481
სავაჭრო ქსელი “ორი ნაბიჯი” სწრაფი ტემპით იზრდება. კომპანიის 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, “ორი ნაბიჯის” ქსელი 111 მაღაზიას აერთიანებს. ამ მაღაზიებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ გასულ წელს 168.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით, 56%-ით მეტი იყო.

თავად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, ანუ ის ფასი, რამდენადაც კომპანიამ პროდუქცია შეიძინა 2017 წელს, 139.9 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, სხვაობა გაყიდული პროდუქციის თვითღირებულებასა და შემოსავალს შორის 28.2 მილიონი ლარი იყო.

“ორი ნაბიჯის” მარკეტინგული და პროდუქციის მიწოდების ხარჯი 23.5 მილიონ ლარს შეადგენდა, ადმინისტრაციული ხარჯები კი - 5 მილიონ ლარს. ამასთანავე, კომპანიას 5.4 მილიონი ლარის სხვა შემოსავლებიც ჰქონდა. მთლიანობაში ორი ნაბიჯის საბუღალტრო მოგება 2017 წლისთვის 3.9 მილიონ ლარი იყო. 2016 წელს კომპანიას მოგების ნაცვლად, 682 ათასი ლარის წაგება ჰქონდა.

უფრო კონკრეტულად, “ორი ნაბიჯის” შემოსავლები გაყიდული პროდუქციიდან ასეთია:

საკვები პროდუქცია - 116.7 მილიონი ლარი, თვითღირებულება (96.3 მლნ);
სასმელი პროდუქცია - 25.3 მილიონი ლარი, თვითღირებულება (21.5 მლნ);
არასაკვები პროდუქცია - 26.1 მილიონი ლარი, თვითღირებულება (22.1 მლნ)
ჯამი - 168.2 მილიონი ლარი, თვითღირებულება (139.9 მლნ)

კომპანიის სხვა შემოსავალები ასეთია: მაღაზიებში ცალკეული კომპანიებისა და პროდუქტების სარეკლამო ბანერების განთავსებით მიღებული შემოსავლიდან- 2.8 მილიონი ლარი, ფასდაკლებებიდან - 1.9 მილიონი ლარი, საკომისიო შემოსავლიდან - 0.5 მილიონი ლარი.

2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, “ორი ნაბიჯის” სასესხო ვალდებულებები $9 მილიონ ლარს აღემატებოდა, მათ შორის ყველაზე დიდი - $6.6 მილიონის სესხი კომპანიას “ბი ჯი” კაპიტალისგან აქვს მოზიდული.

ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის მეწილეთა შორის საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურიცაა, ის “ორი ნაბიჯის” 33%-იან წილს ფლობს.

დანარჩენი მეწილეები გიორგი ჩხეიძე და გოჩა ცქიტიშვილი არიან, მათაც 33%-იანი წილები აქვთ.

წარმოდგენილი მასალა ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე არის მომზადებული. "ორი ნაბიჯის" 2017 წლის ფინანსური მაჩვენებლები საჯაროა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები