2017 წლის განმავლობაში საგადახდო ბარათებით მოქალაქეებმა 19 მილიარდი ლარის ღირებულების ოპერაცია შეასრულეს, რაც 24%-ით აჭარბებს 2016 წლის მაჩვენებელს, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი 2017 წლის ანგარიშში აქვეყნებს. რაოდენობრივად 2017 წლის განმავლობაში ბარათებით 179 მილიონი ოპერაცია შესრულდა, რაც წინა წელს 32%-ით აჭარბებს. თანხის 93 % ქვეყნის შიგნით შესრულებულ ოპერაციებზე მოდიოდა, 7% კი, რაც 1 მილიარდ 330 მილიონია, ქვეყნის გარეთ.
ქართული ბარათებით შესრულებულ ოპერაციებში კვლავ იზრდებოდა სავაჭრო-მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობის წილი. კერძოდ, ამ მაჩვენებელმა 66 % შეადგინა, შესაბამისად, 34 % იყო ნაღდი ფულის გატანის ოპერაციების რაოდენობა.
2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, ქვეყანაში საგადახდო ბარათებით ოპერაციებს ემსახურებოდა 2 281 ბანკომატი, გადახდის 32 456 პოს-ტერმინალი და 1 446 ტერმინალი ბანკის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში. წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გადახდის პოს-ტერმინალების რაოდენობა 13%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ბანკომატების რაოდენობა მხოლოდ 2% გაიზარდა.

























