მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2017 წელს "ტავ ურბან ჯორჯიას" მოგება 156 მილიონი ლარი იყო

5c1257953d1ce
BM.GE
13.12.18 18:30
1588

საქართველოში ტურისტული სექტორის მკვეთრი ზრდა თბილისის აეროპორტისთვისაც გაზრდილ შემოსავალში აისახა. 2017 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა რაოდენობამ 3,164,275 შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 40%-ით აღემატება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორისთვის, “ტავ ურბან ჯორჯიასთვის” 2017 წელი განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, კომპანიამ გახსნა ახალი მოფრენის ტერმინალი, რისთვისაც მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.

გაიზარდა საჰაერო ტრაფიკიც,  აეროპორტმა სულ 32,534 ჩამოფრენა/გაფრენა მიიღო, რაც 2016 წელთან შედარებით 36%-ით მეტია.

“ტავ ურბან ჯორჯიას” 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 214 მილიონის შემოსავალი მიიღო. ამ თანხიდან საოპერაციო ხარჯი 23.4 მილიონ ლარს შეადგენდა, თანამშრომელთა ანაზღაურება - 19.6 მილიონ ლარს, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი კი - 19.9 მილიონ ლარს.

“ტავ”-მა ამავდროულად, 48.3 მილიონი ლარის სამშენებლო ხარჯიც გასწია, თუმცა აღნიშნული თანხა კომპანიამ 2016 წლის მსგავსად, ხარჯებთან ერთად შემოსავალშიც მიუთითა.  “ტავს” ამასთანავე, ჰქონდა შემოსავალი კომპანიის ანგარისებზე არსებული საბანკო ანგარიშებიდან, აღნიშნული საპროცენტო სარგებელი 2.4 მილიონ ლარს შეადგენს. მთლიანობაში “ტავ”-ის მიერ 2017 წლის განმავლობაში მიღებული საბუღალტრო მოგება 156.6 მილიონ ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 45%-ით მეტია.

“ტავ ურბან ჯორჯიას” 214-მილიონიანი შემოსავლები კონკრეტული მიმართულებების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • შემოსავალი ავიამომსახურებიდან - 129 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 51%;

  • შემოსავალი სახმელეთო მომსახურებიდან - 54.5 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 43%;

  • დაუბეგრავი სავაჭრო მაღაზიების კონცესიის საკომისიო მოსაკრებელი - 14.5 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 51%;

  • შემოსავალი ფართობის განაწილებიდან - 5.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 2.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%;

  • საკვები პროდუქციით ვაჭრობის სივრცის კონცესიის საკომისიო მოსაკრებელი - 2.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 37%;

  • შემოსავალი ლაუნჯის მომსახურებიდან 1.9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 46%;

  • სხვა შემოსავალი - 3.1 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 2.3%.

კომპანიას 2017 წელს 23-მილიონიანი საოპერაციო ხარჯი ჰქონდა. უმსხვილესი ხარჯებს შორის 6.9 მილიონი ლარი აეროპორტის დაცვის საფასური იყო. ამასთანავე 2,6 მილიონიანი გადახდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიმართ, ტექნიკური მომსახურების ხარჯი 2,5 მილიონს შეადგენდა, მართვის ჰონორარი 2 მილიონ ლარს შეადგენდა, სადაზღვევო ხარჯები 1.7 მილიონ ლარს.

ტავ ურბან საქართველო არის TAV Airports Holding-ის ჯგუფის წევრი, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2005 წელს დაიწყო. არსებული კონტრაქტის მიხედვით, კომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი 2027 წლამდე იქნება.

“ტავ”-მა თბილისის აეროპორტის მოდერნიზებისთვის 300 მილიონზე დიდი ინვესტიცია განახორციელა. 2016-2017 წლებში ტავ ურბან საქართველომ განახორციელა ასაფრენი ბილიკისა და სამიმოსვლო გზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი და ააშენა ახალი ჩამოფრენის ტერმინალი. შედეგად, აეროპორტი წლის განმავლობაში 4 მილიონამდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წლის 31 დეკემბრისთვის კომპანიას 735 თანამშრომელი ჰყავდა (2016 წლის 31 დეკემბერი: 660 თანამშრომელი).

აეროპორტი სახანძრო უსაფრთხოების ახალი სტანდარტის დანერგვას გეგმავს. ამჟამად მოქმედი უსაფრთხოების მეშვიდე დონიდან უსაფრთხოების სისტემის მზაობა მეცხრე დონემდე გაიზრდება, რაც მას უფრო დიდი თვითმფრინავების მიღების შესაძლებლობას მისცემს. კომპანია ამ მიმართულებით 2.8 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.

რაც შეეხება შპს “ბათუმის აეროპორტს,” კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წელს მკვეთრად გაზრდილი ტურისტული ნაკადის შედეგად კომპანიის შემოსავალმა  21.2 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო მოგება კი 16 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტი იყო.

აეროპორტი 495 ათას ადამიანს მოემსახურა, რაც 2016 წელთან შედარებით, 59%-ით მეტია. აეროპორტმა სულ 5,374 გაფრენა/ჩამოფრენას უმასპინძლა, რაც 41%-იან ზრდას წარმოადგენს.

წარმოდგენილი მასალა ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე არის მომზადებული. "ტავ"-ის 2017 წლის ფინანსური მაჩვენებლები საჯაროა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები