საქსტატმა დღეს 2018 წლის ოქტომბრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში სამომხმარებლო კალათის ღირებულება 2.3%-ით გაიზარდა. კონკრეტული სექტორების მიხედვით, ყველაზე მაღალი ზრდა ჯანდაცვისა და ტრანსპორტის სექრორში ფიქსირდება.
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 6,1 პროცენტით, რაც 0,51 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (12,0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,3 პროცენტი).
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,5 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,4 პროცენტი).
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,37 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (4,2 პროცენტი), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,7 პროცენტით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9,5 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,9 პროცენტი).
არსებული ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სამიზნედ განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელზე დაბალია. 2018 წლის განმავლობაში ინფლაცია ყველაზე მაღალი აგვისტოში იყო და 3.1%-ს შეადგენდა. ინფლაცია ყველაზე დაბალი ივნისში იყო და 2.2%-ს შეადგენდა.
საქართველოში ინფლაცია გაცილებით მაღალი იყო 2017 წლის განმავლობაში და საშუალოდ 6.5%-ს შეადგენდა. ასეთი მაღალი ინფლაციის ერთერთი მიზეზი 2017 წელს ქვეყანაში ნავთობსა და თამბაქოზე სააქციზო გადასახადის ზრდა იყო. აქციზის წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 2%-ს შეადგენდა.