2017 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი პენსიების ზრდას არ ითვალისწინებს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, პენსიების ზრდა ამ ეტაპზე ბიუჯეტის პროექტში ჩადებული არაა.
"რაც შეეხება პენსიას, მისი ზრდა ამ ეტაპზე ჩადებული არაა. იზრდება პენსიონერთა რაოდენობა გარკვეულწილად, თუმცა ეს ძირითადად წარმოადგენს მიმდინარე წელს გაზრდილი პენსიის გაცემის ეფექტს მთელს წელზე. ეს არის დაახლოებით 100 მილიონი ლარი.
რაც შეეხება პენსიონერთა დასაქმების პროგრამას ის ბიუჯეტში ვერ იქნებოდა გათვალსიწინებული, რადგან მას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება და როდესაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება მიიღებენ საკანონმდებლო ცვლილებებს და ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი ბიუჯეტში ასახვა“, - განაცხადა კაკაურიძემ.
რაც შეეხება საგარეო ვალს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, საგარეო ვალი მთლიანად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული.
"საგარეო ვალი, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტით იზრდება მთლიანად მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დაახლოებით 900 მილიონამდე კონკრეტულ პროექტებზეა გათვლილი.
მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე 2 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება", - განაცხადა კაკაურიძემ.

























