მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2017 წლის ბიუჯეტის პროექტი საარჩევნო პერიოდის დასრულების შემდგომ, მნიშვნელოვნად გადამუშავდება"

57f0e47b7793e
BM.GE
02.10.16 14:30
1160
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნად გადამუშავდება. როგორც კაკაურიძე აცხადებს, საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებით, ცალსახად იკრძალება საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, არჩევნებამდე 60 დღით ადრე და არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, ყოველგვარი ახალი ინიციატივების წარმოდგენა როგორც სოციალური გასაცემლების მიმართულებით, ასევე, სხვა ახალი პროგრამების დაწყება და შეღავათების დაწესება.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მოვამზადეთ იმ მოცემულობაში, რა ვალდებულებაც ჰქონდა აღებული სახელმწიფოს საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. შესაბამისად, ყველა ეს ვალდებულება გათვალისწინებულია ბიუჯეტში და გამოყოფილია შესაბამისი თანხებიც. რაც შეეხება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, დოკუმენტი საარჩევნო პერიოდის დასრულების შემდგომ, მნიშვნელოვნად გადამუშავდება. გაიზრდება მისი ჯამური მოცულობა და მასში გათვალისწინებული იქნება ბევრი სიახლე, მათ შორის, იმ პროექტების/პროგრამების ზრდა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას. დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტები დააჩქარებს ეკონომიკურ აქტივობას და შესაბამისად, ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც გადაიხედება. პარალელურ რეჟიმში მუშობა მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, არამხოლოდ 2017 წლის, არამედ 2017-2020 წლების ძირითადი პარამეტრების შესათანხმებლად. პროექტის გადამუშავება განხორციელდება საქართველოს პარლამენტისათვის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე, რისთვისაც გაგრძელდება აქტიური მუშაობა როგორც სამინისტროებთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან”, - განაცხადა კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები