2017 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 530.9 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი, მეოთხე კვარტალის მშპ-ს 13.0 პროცენტი) შეადგინა. ამავდროულად, წლიური მაჩვენებელი 1.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა და მშპ-ს 8.7 პროცენტი შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება, რომლის უარყოფითი სალდო 2017 წლის მეოთხე კვარტალში წლიურად 6.4 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, აღნიშნული ინდიკატორი 2017 წლის განმავლობაში 0.7 პროცენტიანი შემცირების შედეგად 3.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. მეოთხე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 28.5 პროცენტით ხოლო იმპორტი 15.8 პროცენტით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აღნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 12.8 პროცენტიდან 2017 წელს 8.7 პროცენტამდე შემცირდა.
„ნელ-ნელა ვაჯამებთ გასულ წელს: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 12.8 პროცენტიდან 2017 წელს 8.7 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მოქნილი გაცვლითი კურსისა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ფონზე, გაიზარდა შემოსავლები საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან. ეს, შესაბამისად, აისახება როგორც ადგილობრივი კომპანიების, ასევე მათ მიერ დასაქმებული ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
გარდა ამისა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას თავისი წვლილი შეაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, რაც, თავისთავად, გვეხმარება გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების შემცირებაში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე დეფიციტის ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის-ს 12 პროცენტს აღწევდა, 2017 წლის დეფიციტის შემცირება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება უცხოელი ინვესტორებისა და სარეიტინგო ინსტიტუტებისთვის“, - წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

























