2018 წლის შემდეგ, როცა პროდუქტების მიტანის ესპანური სერვისი Glovo ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, კომპანიამ საქართველოში 58 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განახორციელა და 12 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა სახელმწიფო გადასახადების სახით, - ამის შესახებ Glovo-ს თანადამფუძნებელმა, საშა მიშომ კომპანიის მე-5 ქართული დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე BMG-ს განუცხადა.
უშუალოდ ინვესტირებული კაპიტალის გარდა, კომპანიაში ხაზს უსვამენ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გაციფრულებას, რაც განპირობებული იმით, რომ Glovo-ს პარტნიორების 90%-ზე მეტი სწორედ ამ ტიპის კომპანიებზე მოდის.
“ქართული ბაზარი Glovo-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია იმ ოცდახუთ ქვეყანას შორის, სადაც ჩვენი კომპანიის სერვისები აირს წარმოდგენილი. ამ დროისთვის, საქართველოში 58 მილიონზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ და ამ პროცესს ვაგრძელებთ, რადგან ადგილობრივი ბაზრის პოტენციალის გვჯერა”, - განაცხადა Glovo-ს თანადამფუძნებელმა, საშა მიშომ.
ესპანური კომპანიის საქართველოში განვითარების გზებზე მედიასთან “Glovo საქართველოს” გენერალურმა მენეჯერმა, არტემ კოლოსიუმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში, კომპანია ზრდის პროცესის დაჩქარებას ვარაუდობს.
“2018 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ, Glovo-მ ბევრი რამ გამოიარა - ოპერირება თბილისში დავიწყეთ, ახლა კი Glovo-ს სერვისები ქვეყნის ათ ქალაქში არის ხელმისაწვდომი. ელექტრონული კომერციის ბაზარი საქართველოში განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფება, მაგრამ ბოლო დროს, ზრდა ფენომენალური იყო და მომდევნო სამ-ხუთ წელიწადში კიდევ უფრო დიდი მასშტაბის პოზიტიურ დინამიკას ველოდებით”, - განაცხადა არტემ კოლოსიუკმა.
შეგახსენებთ, რომ Glovo საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს და დღეს, საქართველოს ათ ქალაქში არის ხელმისაწვდომი, მათ შორის თბილისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდსა და ფოთში.