მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2018 წელს აბონენტებმა 63 ათას ტერაბაიტზე მეტი მობილური ინტერნეტი მოიხმარეს

5cf166dd5a410
ელენე გოგბერაშვილი
01.06.19 14:20
1238
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება - 2013 წლიდან 2018 წლის ბოლომდე საშუალოდ, მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 6% შეადგინა.

2018 წლის ბოლო კვარტალში, ინტერნეტ მომსახურებით მობილური ქსელის აბონენტების 55.2%-მა (2.95 მლნ) ისარგებლა. მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა სიმკვრივის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებაში კიდევ უფრო მაღალია და 2018 წლის ბოლოსთვის 79% შეადგინა.

2018 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი მობილური ინტერნეტმომხმარებელი "სილქნეტი|ჯეოსელს" - 1.136 მლნ ჰყავდა, მას მოსდევს "მაგთიკომი" 976 ათასი მომხმარებლით და "ვიონი საქართველო" - 836 ათასით, თუმცა აბონენტთა საერთო რაოდენობაში მობილური ინტერნეტმომხმარებლების წილის მაჩვენებლები განსხვავებულია: პირველ ადგილზე არის "ვიონი საქართველო", მობილურ ინტერნეტს კომპანიის აბონენტების 66% მოიხმარს.

ასეთი მაღალი მაჩვენებელი მობილურ ინტერნეტზე შეთავაზებული ტარიფებით და მომხმარებელთა სეგმენტითაა განპირობებული. ამავე მონაცემებით, მეორე ადგილს იკავებს "სილქნეტი" 59%-ით და მესამეს – "მაგთიკომი", 45%-ით.

ბოლო წლების განმავლობაში მობილური ინტერნეტტრაფიკი რეკორდულად მზარდია. 2018 წელს მობილური მომსახურების აბონენტებმა 63 ათას ტერაბაიტზე მეტი მობილური ინტერნეტი მოიხმარეს. ეს მოცემულობა განპირობებულია, როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდით, ასევე, ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობისა და 4G მომსახურების განვითარებით.

2015 წელს 4G ტექნოლოგიის დანერგვასთან ერთად, იკლებს 2G და 3G ტექნოლოგიებით მოხმარებული ინტერნეტტრაფიკის რაოდენობა. 2018 წელს მობილური ინტერნეტ ტრაფიკის 65% (41 ათასი ტერაბაიტი) უკვე 4G ტექნოლოგიაზე მოდის.

4G ტექნოლოგიით მობილური ინტერნეტის საშუალო მოხმარების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი "ვიონი საქართველოს" აქვს - 3გბ. მეორე პოზიციას იკავებს "მაგთიკომი" – 2.9 გბ, ხოლო "სილქნეტი|ჯეოსელი" - 1.2 გბ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები