2018 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე (ერთ ოჯახზე)1,123.5 ლარს, ხოლო ერთ სულზე 318.3 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ხარჯებს, საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 1,102 ლარს, ხოლო ერთ სულზე - 312.2 ლარს უტოლდება.
შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც, 2018 წელს, გასულ წელთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 83% შეადგინა.
შინამეურნეობების მთლიანი შემოსავლები გაცილებით მაღალი იყო ქალაქში და 760.7 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი 426.5 მილიონი ლარის ფარგლებში იყო სოფლად.
2018 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს (49.7 პროცენტი), ასევე შემოსავლებს თვითდასაქმებიდან (11.4 პროცენტი). გარდა ამისა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (17.9 პროცენტი) არის წარმოდგენილი პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები და საჩუქრად მიღებული ფული (9.0 პროცენტი).
შინამეურნეობების შემოსავლების მსგავსად, ხარჯების მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის დასახლებაში და 749.5 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი სოფლად 415 მილიონ ლარს უტოლდებოდა.
2018 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი (37.4 პროცენტი) უჭირავს სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს.

























