მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2018 წელს ქვეყნის თავისუფლი ეკონომიკური კურსი შეიცვალა და რეგულირებადი პოლიტიკით ჩანაცვლდა"

5c2a100fb79f2
ნინი თურქია
31.12.18 16:46
950
„ნაცონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძის შეფასებით, 2018 წელს ქვეყნის ეკონომიკური კურსი შეიცვალა და თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებზე დამყარებული, დერეგულაციის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა რეგულირებადი პოლიტიკით ჩანაცვლდა.

ასე აფასებს პარლამენტარი Bm.ge-თან 2018 წელს ეკონომიკურ ჭრილში.

„ქვეყანაში აღდგა რეგულირებადი პოლიტიკა, რომელიც დამახასიათებელი იყო ტიპიური პოსტ - საბჭოთა ქვეყნისთვის. შესაბამისად, სამრეწველო, ფინანსურ, შრომის თუ აგრარულ სექტორში შემოღებულ იქნა მარეგულირებელი ფორმები; ასევე შეიქმნა უამრავი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც გარკვეული პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირდება. შეიძლება ითქვას, რომ დაბრუნდა საბჭოთა გულუბრყვილო მიდგომა, რომლის მიხედვითაც, თუ არსებობს პრობლემა, მაშინ მის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფოს სპეციალურმა უწყებამ, საკუთარი ჩინოვნიკით, საუწყებო პირობებით და სხვა,“ - აცხადებს გოცირიძე.

ოპოზიციონერი დეპუტატი 2018 წელის შეფასებისას ამბობს, რომ სიღარიბის დონე 2015 წელთან შედარებით გაიზარდა, ლარი კვლავ არასტაბილურია, მოშლილია საფინანსო დისციპლინა და მთავრობა უკიდურესად სუსტი საკადრო პოლიტიკით გამოირჩევა.

გოცირიძე ნეგატიურად აფასებს ბიუჯეტის შესრულების საკითხს და ამბობს, რომ მან ყველა ისტორიული რეკორდი მოხსნა, ამის არგუმენტად კი, წლის ბოლოს ერთ დღეში დახარჯულ 511 მილიონ ლარს ასახელებს.

მისივე თქმით, „2018 წელი უძრაობის და ერთი ადგილის ტკეპნის ხანა იყო, რომელიც 2019 წელს არ შეიცვლება“.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც დეპუტატი 2018 წლის შეფასებისას შეეხო, „ვალების ჩამოწერის“ პროექტია და მას „აფიორად“ მოიხსენიებს.

„სინამდვილეში ეს იყო უიმედო ვალები, რომელთა ამოღების ნულოვანი პერსპექტივა არსებობდა. მათი არც ქონებრივი და არც სამართლებრივი უზრუნველყოფა არ მომხდარა. რეალურად დაპირება, რომ ადამიანები შავი სიიდან ამოვიდოდნენ, არარეალური იყო, რადგან შავი სიიდან არასდროს არავინ ამოდის, როგორც იყო, ისევე დარჩებიან. ერთადერთი განსხვავება იქნება ის, რომ ამ კლიენტზე დაიწერება: იყო შავ სიაში. ამას ბანკისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი მომენტალურად ადგენენ ეს ადამიანი იყო თუ არა ურჩი გადამხდელი“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად აქტიური იყო თავად დეპუტატი და „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში, გოცირიძის თქმით, 2018 წელს ოპოზიციურმა პარტიამ არაერთი კანონი შეიტანა პარლამენტში, თუმცა მმართველმა ძალამ ის ჩააგდო და რამდენიმე ხანში მათი შეცვლილი ფორმით მიღება და გატარება დაიწყეს.

„ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსი 100 000-დან 200 000 ლარამდე ამაღლებულიყო. ამას მთავრობის მხრიდან უარყოფა მოჰყვა, რადგან თქვეს, რომ ამით ბიუჯეტს უზარმაზარი თანხა დააკლდებოდა. გავიდა რამდენიმე თვე და ეს ინიციატივა არა მხოლოდ განახორციელეს, არამედ 200 000-ის ნაცვლად 500 000 ლარამდე გაზარდეს“, - აღნიშნავს ის.

მიუხედავად ამისა, რომან გოცირიძის განცხადებით, ისინი 2019 წელს კიდევ არაერთი კანონის ინიცირებას აპირებენ.

მისივე თქმით, მათ დაარეგისტრირეს კანონი დღგ-ის ზღვრის გაზრდის შესახებ.

„თუ 100 000 ლარზე მეტი ბიზნესი, იურიდიული თუ ფიზიკური პირი იბეგრებოდა დღგ - თი, ლარის გაუფასურების ფარგლებში მათ ინდექსაცია მოახდინეს და კანონპროექტის ფარგლებში, პარლამენტს დღგ-ის გადამხდელთა ზღვრის 165 000 ლარამდე გაზრდა შესთავაზეს“, - განაცხადა დეპუტატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები