უკვე მეათე წელია ექსპერტები საპენსიო სისტემის მსოფლიო ინდექსს ითვლიან, ადარებენ ერთმანეთს და აქვეყნებენ რეიტინგს იმ ქვეყნებისა, სადაც საუკეთესო საპენსიო სისტემაა შემუშავებული და სადაც პენსიონრები ყველაზე ბედნიერად ცხოვრობენ.
1. ნიდერლანდები
ანგარიშის თანახმად, ამ კრიტერიუმებს ყველაზე მეტად ნიდერლანდები აკმაყოფილებს, სადაც საპენსიო ასაკი 65 წლიდან იწყება და სადაც სამდონიანისისტემა მოქმედებს. პირველი დონე ბაზისურია და სახელმწიფო, გამანაწილებელ საპენსიო სისტემას გულისხმობს, ანუ პენსიები უზრუნველყოფილია მუშაკთა შენატანით. პენსიის მეორე დონე წარმოადგენს საპენსიო შენატანს, რომელსაც მუშაკი და დამსაქმებელი იხდიან შრომითი საქმიანობის განმავლობაში და არსებობს საპენსიო დანაზოგის სისტემაც, რომელსაც მოქალაქე შრომითი საქმიანობის პერიოდში აგროვებს, ხოლო პენსიაზე გასვლის დროს ერთიან თანხად იღებს.
2. დანია
გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, ყველაზე განვითარებული და სანდო საპენსიო სისტემა დანიაშია. ამ ქვეყანაში საპენსიო ასაკი 65 წელს შეადგენს, თუმცა, ბევრი პენსიონერი შრომით საქმიანობას ამ ასაკის მიღწევის შემდეგაც განაგრძობს. დანიაში პენსიები ფიქსირებული არ არის და დგინდება მოქალაქის შრომითი სტაჟისა და დანიაში ნაცხოვრები წლების ოდენობის მიხედვით. სახელმწიფო პენსიის გარდა, მოქალაქეები ხშირად მიმართავენ დაგროვებით სისტემას, ანუ შრომითი საქმიანობის პერიოდში ხელფასის გარკვეულ ნაწილს ფონდში რიცხავენ. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი, მათ ეს თანხა ერთიანად უბრუნდებათ.
3. ფინეთი
საუკეთესო საპენსიო სისტემების მქონე ქვეყნების რეიტინგის პირველ სამეულში ფინეთიც სახელდება, სადაც პენსიების გამანაწილებელი სისტემა მოქმედებს, რომლის ბაზისური ნაწილი უზრუნველყოფს სახელმწიფო პენსიის მინიმალურ ოდენობას, სადაზღვევო ნაწილი კი ყალიბდება შენატანებით სადაზვღევო კომპანიაში ან საპენსიო ფონდში. ფინეთში მინიმალური პენსია 600 ევროს შეადგენს, საშუალო კი ათას 200 ევროს.
4. ავსტრალია
რიგით მეოთხე პოზიციაზე ავსტრალიაა, რომლის საპენსიო სისტემა სახელმწიფო და კერძო პენსიისგან შედგება. სახელმწიფო - ტრადიციული პენსიაა, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ერიცხება 65 წელს მიღწეულს მოქალაქეებს. სახელმწიფო პენსია ფიქსირებულია და დაახლოებით 500 დოლარს შეადგენს. ამ პენსიის მთავარი დანიშნულება ასაკოვანი ავსტრალიელის სასიცოცხლო მინიმუმით უზრუნველყოფაა. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კერძო საპენსიო ფონდებიც, სადაც თანხის გადარიცხვა ავსტრალიის მოქალაქეს პენსიაზე გასვლამდე შეუძლია.
5. შვედეთი
საპენსიო სისტემის კუთხით მოწინავე პოზიციებს იკავებს შვედეთიც, სადაც პენსია სამი კომპონენტისგან შედგება. ესენია პირობით-დაგროვებითი, დაგროვებითი და გარანტირებული. პირობით-დაგროვებითი ყალიბდება მუშაკთა შენატანით, რაც ხელფასის 16%-ია. ეს თანხა ანგარიშზე ირიცხება სახელმწიფო ვალდებულებების სახით, რომელიც იცვლება ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული და ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით. დაგროვებითი ნაწილი ასევე დამოკიდებულია მუშაკის ხელფასზე, მაგრამ ეს უკვე მის ანგარიშზე განთავსებული თანხაა.
რაც შეეხება 2018 წლის გლობალური საპენსიო ინდექსის ათეულს, ასე გამოიყურება: მეექსვე ადგილას ნორვეგიაა, მას მოსდევს სინგაპური, ჩილე, ახალი ზელანდია და ათეულს კანადა ასრულებს.