„ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ხშირი იყო, ძალიან დიდი ძალისხმევა მიიმართებოდა და ძალიან ბევრს ვსაუბრობდით ჩვენ უფრო მეტად რეგულაციებზე, ვიდრე იმაზე, თუ როგორ შევუწყოთ ხელი სიღარიბის დაძლევას ამ ქვეყანაში, როგორ შევუწყოთ ხელი ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ანუ იმ ყველაფერს, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მოიტანოს მაღალი ეკონომიკური ზრდა“, - ასე აჯამებს 2018 წელს ხელისუფლების მიერ არჩეულ ეკონომიკურ პოლიტიკას PMCG-ის გენერალური დირექტორი ლექსო ალექსიშვილი „ანალიტიკასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, ურიგო შედეგები არ გვქონდა.
„დაახლოებით, გვექნება 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. არ არის ძალიან დიდი, მაგრამ საშუალო დონისთვის ნორმალურია“.
ამასთან, სხვა მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე დაკვირვების შედეგად, როგორიცაა, მაგალითად, ინფლაციის მაჩვენებელი, ლექსო ალექსიშვილს გამოაქვს დასკვნა, რომ 2018 წლის საერთო ფონი არ იყო ცუდი და მინიმალურ მოთხოვნებს სრულად პასუხობდა.
„თუმცა, თუ ჩვენ დავსვამთ კითხვას: რამდენად ეფექტურად გამოვიყენეთ ის შესაძლებლობები, რაც ამ ქვეყანას გააჩნია და რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ეკონომიკური ზრდის ტემპი აკმაყოფილებს იმ მოლოდინებს და იმ მოთხოვნებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებას გააჩნია - ბუნებრივია, ეს ასე არ არის“, - ამბობს PMCG-ის გენერალური დირექტორი.

























