უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემის ახალ მოდელზე განათლების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ექსპერტების ერთობლივი მუშაობა დასკვნით ეტაპზეა. როგორც სამინისტროში განმარტავენ დაგეგმილია უნივერსტეტების დაფინანსების ახალი მოდელის პრეზენტაციაც. ცვლილებების თანახმად, უნივერსტეტები თანხებს მიიღებენ არამხოლოდ სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურიდან, არამედ საბაზო დაფინანსების სახითაც.
„სახელმწიფო უნივერსტეტების საბაზო დაფინანსება დაფუძნებული იქნება თანხების განაწილების გამჭვირვალე მექანიზმზე როდესაც დაფინანსების განაწილება მოხდება წინასწარ დადგენილი სქემით თვლად კრიტერიუმებზე დაყრდნობით. უნივერსტეტებს უნდა გააჩნდეთ თანხები არა მხოლოდ უშუალოდ სწავლის პროცესის უზრუნველსაყოფად, არამედ ლაბორატორიების გასაახლებლად, საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციისათვის, სტრატეგიული განვითარებისა და სამეცნიერო კვლევებისათვის“, - აცხადებს BM.GE-სთან საუბარში განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე.
დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყება. აღსრულება კი 2019 წლის სექტემბერში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დაფინანსებიდან დაიწყება. გაიზრდება თუ არა სწავლის გადასახადი ან იქნება თუ არა დიფერენცირებული დაფინანსება პროგრამების და უნივერსიტეტების მიხედვით, დაფინანსების ახალი მოდელის დეტალებთან ერთად გახდება ცნობილი.
„მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში უცხოელი ექსპერტების საქართველოს უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემის შესწავლის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს სასწავლო გრანტის ფიქსირებული ოდენობა სხვადასხვა მიმართულებებსა და სპეციალობებზე. მართლაც, არსებობს მოსაზრება და წინასწარი კვლევის შედეგები, რომ ზოგიერთ მიმართულებებზე სასწავლო პროცესის თანამედროვე სტანდარტებზე უზრუნველყოფა შეიძლება მეტ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული. დღეისათვის ამ ხარჯებს უნივერსტეტები შიდა რესურსების გადანაწილების ხარჯზე აკომპენსირებენ. მსოფლიო ბანკის საექსპერტო დასკვნის პრეზენტაცია დაგეგმილია სექტემბრის ბოლოსათვის. ამ დროისათვის გვეცოდინება უშალოდ თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იქნება მიზანშეწონილი ამ მიმართულებით.
სწავლის გადასახადის ზედა ზღვარის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიგანსახორციელებელ პროგრამებზე. კერძო უნივერსტეტებზე ეს შეზღუდვა ვერ იმოქმედებს. დღეისათვის ეს თანხა წარმოადგენს წელიწადში 2250ლარს. იგივე თანხა დარჩება სწავლის გადასახადის მოცულობად 2018 წლის სექტემბერში უნივერსტეტებში სასწავლო პროცესის დაწყებისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ თანხის ოდენობის ზრდა, რომელსაც ახალგაზრდები საუნივერსტეტო განათლებაში იხდიან თავის ჯიბიდან, შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი",- განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.