საქართველოში იახტების დილერი კომპანია Ramses Yachts-ი 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ იახტებისა და კატერების გაყიდვა 2019 წლიდან წლიდან დაიწყო და ამ პერიოდიდან დღემდე ჯამში 19 მცურავი ობიექტი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ იახტების ეს რაოდენობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გაიყიდა.
როგორც Ramses Yachts-ის დირექტორი, გიორგი ჩიკვაიძე BMGtv-ის გადაცემა "შეცვალეწესები"-ში განმარტავს, ყოველი შემდეგი გაყიდული იახტა წინა მოდელთან შედარებით 5-6 მეტრით უფრო დიდია.
"პირველი გაყიდული იახტა 9 მეტრის იყო. სულ რამდენიმე დღის წინ კი კონტრაქტი გავაფორმეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელობით 36-მეტრიანი Azimut Grande მოდელის გაყიდვაზე. ჩვენს ბიზნესში ეს უდიდეს დღესასწაულს ჰგავს. ეს პარადოქსია, რადგან ამ ინდუსტრიაში შემდგარ და წარმატებულ ქვეყნებსაც კი, ასეთი შანსი იშვიათად აქვთ", - აღნიშნავს ჩიკვაიძე.
როგორც ჩიკვაიძე აღნიშნავს, გაყიდული იახტებიდან ყველაზე იაფი 120 000-დოლარიანი, ხოლო ყველაზე ძვირად ღირებული 2 მილიონ ევროდ შეფასებული იახტა იყო.
Ramses Yachts -მა 2017 წელს ქვეყანაში იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანია Azimut Yachts შემოიყვანა და საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენელი იყო, რაც კომპანიას სხვა ბრენდებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას არ აძლევდა. თუმცა, Azimut Benetti Group-ში განხორციელებულმა გარკვეულმა ცვლილებებმა Ramses Yachts-ს შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გაუხსნა.
"1.5 წლის წინ Azimut Benetti-ის აქციები არაბული ინვესტიციით გაიყიდა, რამაც პრიორიტეტების გადაალაგა და ამის მიხედვით, 2026 წლიდან Azimut-ის მიერ წარმოებული იახტის მინიმალური სიგრძე 30 მეტრი იქნება. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო. ამ მოცემულობის გამო Azimut-ი ბევრი ქვეყნიდან გავიდა, თუმცა ჩვენ ვთხოვეთ, რომ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლობა სადილერო კონტრაქტიდან ამოგვეღო და სხვა ბრენდებთან მუშაობის საშუალება მოეცა. ამ შეთავაზებაზე დაგვთანხმდნენ და დავიწყეთ პარტნიორობა 150 წლის ისტორიის მქონე იტალიურ კომპანია "კრანკ იახტს"-თან. ამ კომპანიის მიერ გამოშვებული იახტების სიგრძე 9 მეტრიდან იწყება და 35 მეტრს აღწევს, ასე რომ, შესათავაზებელი სეგმენტი აბსოლუტურად დაგვიბალანსდა", - აცხადებს Ramses Yachts-ის დირექტორი, გიორგი ჩიკვაიძე.