ახალი სასწავლო წლიდან თბილისში 11 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, რომელიც ჯამში 3 000-ით მეტი ბავშვის მიღებას შეძლებს. როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, 11 სააღმზრდელო დაწესებულებიდან 2 ადმინისტრაციულად მოქმედ ბაღებს შეუერთდება, 9 კი ახალ ბაღად დარეგისტრირდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც BM.GE-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში უთხრეს, ახალი ბაღების მშენებლობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, პარალელურად კი ავარიული ბაღების დემონტაჟი განხორციელდება.
„წელს ბაღებში 13 ათასი ვაკანტური ადგილია, აქედან 3 000 ახალი ბაღებიდან გამომდინარე ჩნდება. მიუხედავად ბაღების რაოდენობის ზრდისა, ჯგუფებში ბავშვთა შემცირებას მოთხოვნიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ მოვახერხებთ. თუმცა მომდევნო წლებშიც გვაქვს დაგეგმილი სიახლეები, გეტყვით რომ მომდევნო წლიდან 12 ავარიული ბაღის დემონტაჟი და დამატებით კიდევ 10 ახალი ბაღის მშენებლობის დაწყებას ვგეგმავთ.“ - უთხრეს BM.GE-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
თბილისში ამ დროისთვის 171 ბაღი ფუნქციონირებს, სადაც დღეის მდგომარეობით 61 500 ბავშვი სწავლობს.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობას აფასებს, ნათქვამია, რომ საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, დაახლოებით 14 000 ბავშვი სკოლამდელ განათლებას ვერ იღებს.

























