მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს GEM FEST იურმალაში ჩატარდება

5bacc2b3a26eb
თელარა გელანტია
27.09.18 15:44
5335
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST ადგილსამყოფელს იცვლის.

როგორც BM.ge-ის ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ განუცხადა, 2019 წელს GEM FEST ლატვიის საკურორტო ქალაქ იურმალაში გაიმართება.

„GEM FEST რომ ბრენდია, ეს უკვე ფაქტია. სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ წელს ანაკლიაში მიწა არ მოგვცა იჯარით, განა - უფასოდ, იჯარით, რომ GEM FEST ჩაგვეტარებინა, ამიტომ GEM FEST ადგილსამყოფელს იცვლის და ის 12-13-14 ივლისს იურმალაში ჩატარდება. 'გაევროპელებული' GEM FEST-ის გუნდში იქნებიან: ევროპული ფესტივალის “sensation white”-ის უცვლელი წამყვანი და თანაორგანიზატორი ლი გრანტი, ცნობილი ლატვიელი მუსიკოსი ქსენია კამიკაზა, საფესტივალო სცენების და აპარატურის მწარმოებელი კომპანიის JSA STAGE company - ს დამფუძნებელი ალექსანდრე სტრიჟაკი და ასევე, ქართული გუნდის დიდი ნაწილი სამუშაოდ იურმალაში გადავა', - განუცხადა bm.ge-ის სიგუამ და დასძინა, რომ ფესტივალისთვის მიწა კერძო პირისგან 10 წლით აიღეს.

ამასთან, მისივე თქმით, თუ მთავრობა ანაკლიაში მიწას იჯარით გადასცემს, GEM FEST ანაკლიაშიც ჩატარდება.

'ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ მიწას. ბიუჯეტის ფული როგორი 'ძვირია' ვნახეთ, ამიტომ მხოლოდ ადგილი გვჭიდება მთავრობისგან და უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მეტი არაფერი', - აცხადებს სიგუა.

შეგახსენებთ, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST ანაკლიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა გიორგი სიგუამ დააფუძნა.
GEM FEST პირველად 2015 წელს საბიუჯეტო დახმარების გარეშე ჩატარდა; 2016 წელს ფესტივალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.9 მლნ ლარით დაფინანსდა; 2017 წელს კი, მთავრობამ გადაწყვიტა, 32-დღიანი ელექტრონული ფესტივალისთვის ჯერ 2 მლნ ლარი გადაერიცხა, შემდეგ კი, კიდევ 2 მლნ დაუმატა - თანხა ტურიზმის ადმინისტრაციიდან შპს „ბლექ სი არენას“ გავლით ფესტივალის არტისტებს გადაერიცხა.

რაც შეეხება 2018 წელს, GEM FEST-2017 წელზე განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, მთავრობამ მის დაფინანსებაზე უარი თქვა და არც ანაკლიაში მიწა გადასცა; შესაბამისად, ფესტივალი ჩაიშალა.

მთავრობამ კი, წელს 4,160,000 ლარით ელექტრონული მუსიკის ახალი 4-დღიანი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES" დააფინანსა. შპს "ანაკლია ინთერთეინმენთ გრუპ"-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ანაკლიაში 23-26 აგვისტოს გასამართი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის განხორციელების ხელშეწყობის თხოვნით, 28 მაისს მიმართა და თანხმობაც მიიღო.

ორგანიზატორების ინფორმაციით, Echowaves-ზე 11 394 ბილეთი გაიყიდა. ვიზიტორთა უმრავლესობა - 9,476 მსმენელი ანაკლიაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები