2019 წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტში პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობისთვის 15.9 მლნ ლარი გამოიყოფა.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრებს განიხილავენ.
„რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაემატა ციხეების მშენებელობის ნაწილი ანუ ახალი ციხეების მშენებლობა მოხდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ. ჩვენ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში 30 მლნ ლარი გვქონდა გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, საიდანაც 25 მლნ ლარი დარჩა იუსტიციის სამინისტროში, ხოლო 5 მლნ გადმოვიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამას კიდევ დაემატა თანხა და ჯამში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში 15.9 მლნ ლარია გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობებისთვის“, - განმარტა კაკაურიძემ.