მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1.3 მლნ ლარით იზრდება

5c0552645e800
დათო ჯალაღონია
04.12.18 09:00
619
მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობებმა რეგიონების განვითარებაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

ამის შესახებ ჟორჟოლიანმა BM.GE-ს 2019 წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმად, თვითმმართველობების ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადის 19% განაწილდება.

„ჩვენ დაფინანსების კუთხით, 1 მილიონი ლარი გვემატება, მაგრამ ვალდებულების ნაწილშიც გვეზრდება ხარჯები - 1 იანვრიდან სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტირება და სკოლების ინფრასტრუქტურა ჩვენზე, თვითმმართველობებზე გადმოდის და შესაბამისად, ხარჯვით ნაწილში ვალდებულებები გვემატება, რისთვისაც მზად ვართ; ეს სწორიც არის. ყველაფერზე სამინისტროები პასუხისმგებლები არ არიან. თვითმმართველობებმა განვითარებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. არ ვეთანხმები იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროებზე გავიშვირთოთ ხელი. თანხის მოზიდვაც და საქმის კეთებაც თვითმმართველობების პასუხისმგებლობა უნდა იყოს“, - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

როგორც BM.GE-ს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა როდამ გვარმიანმა განუცხადა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტის დაფინანსება მიზნობრივი და კაპიტალური ტრანსფერის გათვალისწინების გარეშე 8 მილიონ 700 ათასი ლარი იქნება, რაც მიმდინარე წლის თანხას მილიონ 300 ათასი ლარით აღემატება.

რაც შეეხება დღგ-ის განაწილების ფარგლებში დაფინანსებას, 2019 წელს ეს მაჩვენებელი მესტიის მუნიციპალიტეტისთვის 3 მლნ 346 ათასი ლარია.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის, 6 წლამდე ბავშვების რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობის და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით განხორციელდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები