მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2019 წელს მეთხილეებისთვის კომპლექსური პროგრამები დაიწყება"

5c6bcb6c13d54
თათია ჩაფიჩაძე
19.02.19 13:21
1260
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მეთხილეები სახელმწიფოს სხვადასხვა ტიპის პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. აზიური ფაროსანას პოპულაციის შემცირების გარდა, სახელმწიფო ინდივიდუალურ ფერმერებთან ერთად თხილის სექტორში არსებულ სხვა გამოწვევებზეც იმუშავებს.

დავითაშვილის ინფორმაციით, ფერმერებს სახელმწიფოს დახმარებით საწამლე აპარატები და პრეპარატებიც გადაეცემათ.

„კომპლექსური პროგრამა, რომელიც 2019 წელს იწყება გულისმხობს მეტი ფერმერის ჩართულობას და სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვან მატერიალურ დახმარებას. ასეთი პროგრამა 2018 წელსაც განვახორციელეთ, მასში დაახლოებით 1000-მა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. ჩვენ მზად ვართ წელს დავაფინანსოთ 10, 15, 20 ათასი ფერმერი შესაბამისი საწამლე ტექნიკით, სხვადასხვა პრეპარატებით და ცოდნით. შეიქმნება ჯგუფები, ყოველ 10ჰა ექნებათ თითო აპარატი. ამ პროგრამაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი აგრონომები, რომლებიც თავიანთ ცოდნას გავუზიარებენ როგორც სამეგრელოში, ასევე გურიაში, იმერეთში და აჭარაში მცხოვრებ ფერმერებს.

მოგეხსენებათ თხილი საკმაოდ მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა და ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელობანი ზარალი მივიღეთ, თუმცა ამბიციური გეგმაა, რომ ის დაუბრუნდეს მოწინავე პოზიციებს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე თხილის სექტორში არსებულ ზოგად გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოსთან ერთად, მილიარდ ნახევრამდე ზარალი მიიღო თურქეთმა და იტალიამაც.

„თხილის მსოფლიო საბჭოს შეფასებით, შარშანდელი ზარალი იყო 800 მლნ დოლარი თურქეთისთის. 100-დან 150 მილიონ დოლარამდე არის ის პოტენციური დაკარგული ექსპორტი, რომლის ანაზღაურებაც ჩვენ კარგი მოვლის პირობებში შეგვიძლია. დაახლოებით 300 მლნ ევროზე მეტი ზარალი ჰქონდა იტალიას. ასე რომ პირველ სამ ქვეყანას აქვს დაახლოებით მილიარდ ნახევრიანი ზარალი ბოლო 2 წლის განმავლობაში რაც იმას ნიშნავს რომ დარგში საკმაოდ დიდი სირთლეებია, თუმცა თუ კარგ მაგალითებს მივყვებით, ჩვენ 2019 წელს კარგი შედეგები გვექნება.“ - აღნიშნა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები