მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავალი 880 მლნ ლარამდე გაიზარდა

5ecbbb81957a7
შოთა ტყეშელაშვილი
25.05.20 16:46
1324
ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) პირველი მსხვილი სახელმწიფო საწარმოა, რომელმაც 2019 წლის აუდიტორული ანგარიში გამოაქვეყნა. KPMG-ის მიერ მომზადებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში GOGC-ის მთლიანი შემოსავალი 37%-ით გაიზარდა და მან 880.6 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის წმინდა მოგება კი, 121.4 მილიონი ლარი იყო, რაც 2018 წელთან შედარებით 22.8%-ით ნაკლები იყო.

GOGC-ის მთლიანი აქტივების მოცულობა 2019 წლის განმავლობაში 11.4%-ით გაიზარდა მან 1.88 მილიარდი ლარი შეადგინა. კომპანიის აქტივებს შორისაა მაგისტრალური გაზსადენები, ასევე კომბინირებული ციკლის თბოსადგურები გარდაბანი 1 და გარდაბანი 2 - ეს უკანასკნელი ოფიციალურად ექსპლოატაციაში 2019 წლის ბოლოს შევიდა. კომპანიის შემოსავლის ძირითადი ნაწილი ბუნებრივი აირის რეალიზაციით გენერირდება. კომპანია მას აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს.

კომპანიის შემოსავლები ცალკეული მიმართულებების მიხედვით ასე ნაწილდება:

● ბუნებრივი აირის რეალიზაცია - 576 მილიონი ლარი;
● ელექტროენერგიის მიწოდება - 225 მილიონი ლარი;
● ნედლი ნავთობით ვაჭრობა - 15 მილიონი ლარი;
● მილსადენის გაქირავების შემოსავალი (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო სუფსას მილსადენები) - 43 მილიონი ლარი;
● ნავთობის ტრანსპორტირების საკომისიო შემოსავალი (ბაქო-სუფსა) - 21 მილიონი ლარი.

აუდიტორულ ანგარშში Gazprom-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებაც არის საუბარი. მისი მიხედვით, 2020 წლის აპრილში GOGC-მა Gazprom Export-თან ბუნებრივი აირის მიწოდების საფასურის ტარიფის ცვლილებას მოაწერა ხელი. განახლებული ტარიფი 2020 წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.

GOGC-ის 2019 წლის ანგარიშში ნავთობკომპანია Frontera-სთან დავაზეც არის საუბარი. მისი მიხედვით, სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანიამ საარბიტრაჟო სასამართლოზე საკუთარი უფლებების დასაცავად დაქირავებულ იურიდიულ კომპანია Hogal Lovells-ს მომსახურების სანაცვლოდ 8.4 მილიონი ლარი გადაუხადა.

დოკუმენტის მიხედვით, Frontera-მ 2019 წელს უარი თქვა მის სასამართლო სარჩელზე, რომლითაც კომპანია მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების სახით GOGC-ისგან $3.5 მილიარდი დოლარის ანაზღაურებას მოითხოვდა. 2020 წლის აპრილში საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც GOGC-ის არგუმენტების უმეტესობა გაიზიარა და დაადგინა, რომ Frontera-მ კონტრაქტის ვალდებულებები დაარღვია.

გადაწყვეტილება კომერციულ საიდუმლოებებს შეიცავს, შესაბამისად, ის საჯარო არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები