2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მიხედვით, მთავრობას შრომის ანაზღაურებისთვის 1 მლრდ 470 მლნ 663 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული, რაც ბიუჯეტის მეორე წარდგენით განსაზღვრულ თანხას (1 მლრდ 469 მლნ 612.7 ათასი ლარი) თითქმის 1 მლნ 51 ათასი ლარით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში მოცემული არ არის.
რაც შეეხება საჯარო სექტორის იმ მოსამსახურეებს, რომელთაც 2019 წელს ხელფასები ეზრდება, მათთვის გათვალისწინებული თანხა ბიუჯეტის როგორც მეორე, ისე საბოლოო ვარიანტში უცვლელად არის შენარჩუნებული.
კერძოდ, მომავალი წლის პირველი იანვრიდან დაბალი რანგის პოლიციელთა, ისევე როგორც, სასაზღვრო პოლიციაში დაბალი რანგის პოლიციელების ხელფასი საშუალოდ 250 მლნ ლარით იზრდება. გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტში 5,5 მლნ ლარი მეხანძრეებისა და მაშველების ხელფასების ზრდისთვის არის მოცემული.
ხელფასის ზრდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც არის დაგეგმილი. კერძოდ, ფინანსური დოკუმენტის თანახმად, 6 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია დაბალი რანგის მოსამსახურეთა ხელფასების 250 ლარით ზრდისთვის.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის საბიუჯეტო გეგმის მიხედვით, შრომის ანაზღაურების მუხლით ჯამურად 1 მლრდ 413 მლნ 619.1 ათასი ლარია გათვალისწინებული, რასაც მომდევნო წლის გეგმა 57 მლნ 44.6 ათასი ლარით აღემატება.