2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორე ვერსიასთან შედარებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 31.4 მლნ ლარით იზრდება და 3 968.4 მლნ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 30.5%-ია.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს დაფინანსება 2018 წელთან შედარებით გაზრდილია 344.8 მლნ ლარით. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ხარჯების მატება რამდენიმე პროგრამის დაფინანსების ზრდამ განაპირობა. კერძოდ, მიმავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე წარდგენის მიხედვით, სოციალური დაცვის პროგრამა 20.2 მლნ ლარით იზრდება, მათ შორის, 18.0 მლნ ლარი მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დახმარებების 20 ლარით გაზრდის დასაფინანსებლად არის გათვალისწინებული.
გარდა ამისა, დღის ცენტრებში, სათემო ორგანიზაციებში, მინდობით აღზრდისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყობის ქვეპროგრამების ხარჯები 2,2 მლნ ლარით იზრდება.
ამასთან, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ქვეპროგრამის ხარჯი ბიუჯეტის წინა წარდგენასთან შედარებით, 10.0 მლნ ლარით იზრდება და 52.7 მლნ ლარს შეადგენს.
საერთო ჯამში, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის ბიუჯეტში 2 მლრდ 783.9 მლნ ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 1 მლრდ 925 მლნ ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის მიიმართება, რომლის ფარგლებში 2019 წლის პირველი იანვრიდან ასაკით პენსიონერებისთვის პენსიის 20 ლარით ზრდა დაფინანსდება.