მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2019 წლიდან შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ეკონომიკის ყველა დარგზე გავრცელდება

5b604af8d06e1
თელარა გელანტია
31.07.18 16:00
3974
2019 წლის 1 სექტემბრამდე შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველო კანონი - არა მხოლოდ საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, არამედ ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე უნდა გავრცელდეს.

როგორც BM.ge-ის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ ცვლილებებს საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგი ავალდებულებს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, აუცილებელი ხდება შრომის უსაფრთხოების კანონის ორგანულ კანონად გარდაქმნა.
BM.ge-მ მოიპოვა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი, რომლის თანახმად, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის გარდა, საჯარო სექტორზეც გავრცელდება.

სამუშაო ჯგუფის გასვლით შეხვედრაზე, რომლის გასულ კვირას გაიმართა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დაეთანხმა დაგეგმილ ცვლილებებს.

კანონპროექტის გაფართოებას ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე ასევე ემხრობოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აპარატი.

ეკონომიკის სამინისტროს აზრით კი, მსგავსი ცვლილები მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად განხორციელდეს. 

რაც შეეხება ბიზნესის პოზიციას, დამსაქმებლების უფლებების დამცველები ხაზს უსვამდნენ ამ საკითზე რეგულირების გავლენის შეფასების წარმოების აუცილებლობას.

კითხვას - რატომ უნდა გავრცელდეს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ეკონომიკური საქმიანობის აბსოლუტურად ყველა დარგზე, უმრავლესობის დეპუტატმა შემდეგი პასუხი გასცა:

„იმიტომ უნდა გავრცელდეს, რომ რჩება საკმაოდ ბევრი დარგი, სადაც ასევე მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა. რა თქმა უნდა, მაშინ როცა კანონი მივიღეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მძიმე მრეწველობებსა და საშიში პირობების მქომე სამუშაოებზე უსაფრთოხების სტანდარტების შემოღება, რადგან ადამიანები იღუპებოდნენ, მაგრამ წესები უნდა გავრცელდეს სხვა სფეროებზეც. მაგალითად, მომსახურების სფეროში - რესტორნები იქნება თუ სასტუმროები, პირობების ელემენტარულ გაუმჯობესებაზეა საუბარი, რომ მოსასვენებელი ადგილი ჰქონდეს პერსონალს; ქიმიური საქონლის მაღაზიაში გამყიდველს რესპირატორი უნდა ჰქონდეს - ასეთ ელემენტარულ რაღაცეებზეა საუბარი; ასევე თუ ვთქვათ საოფისე დაწესებულებაა, იქაც საჭიროა ელემენტარული პირობების არსებობა - უბრალოდ კომფორტულ ნორმალურ სკამზეა საუბარი ანუ ძალიან მინიმალური სტანდარტების არსებობა გვაქვს მხედველობაში“, - განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ „ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია როგორც მძიმე მრეწველობაში, ისე - მომსახურების სფეროში“.

მისივე ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განსხვავებული იქნება იმ სანქციებისგან, რაც საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე წესების დარღვევის დროსაა.

„თუმცა ჯარიმები იქნება ეფექტური, რათა დამსაქმებელმა პირობების გაუმჯობესებას ჯარიმის გადახდა არ არჩიოს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები