2019 წლიდან ყოველწლიურად, საჯარო უწყებების შენობების დაახლოებით 1% ენერგოეფექტური უნდა გახდეს. ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის შესახებ საუბრისას განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე, მისი განხილვა ერთელ უკვე გაიმართა და ამ ეტაპზე, მთავრობა დოკუმენტის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის გაცნობას გეგმავს.
"წელიწადში საჯარო დაწესებულებების შენობების დაახლოებით 1%, უნდა გახდეს ენერგოეფექტური. ასევე, ახალი შენობები, რაც 2020 წლიდან აშენდება, ყველა ენერგოეფექტური უნდა იყოს", - განმარტა ქავთარაძემ.
ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოში ჩამოვიდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვა, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას იმაში, რომ ენერგოეფექტურობის შესახებ ღონისძიებები სწორად დაიგეგმოს და განხორციელდეს.

























