მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ბანკების მოგება 15%-ით შემცირდა

5cc946d081be2
შოთა ტყეშელაშვილი
01.05.19 11:25
2075
საქართველოს საბანკო სისტემის მომგებიანობის მაჩვენებელი მცრიდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ბანკებმა 2019 წლის პირველ კვარტალში 198,601,000 ლარის მოგების გენერირება შეძლეს, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.

საბანკო სისტემის მარტის თვის მიმოხილვის მიხედვით, თვის განმავლობაში ბანკების უკუგება აქტივებზე (ROA) 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 1.9 პროცენტს შეადგენს. უკუგება კაპიტალზე (ROE) კი 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.2 პროცენტს შეადგენს.

სტატისტიკის მიხედვით, ქართულმა ბანკებმა 2019 წლის პირველ კვარტალში 1,036,704,000 ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2018 წელთან შედარებით 10%-ით მეტია. თუმცა, შემოსავლების ზრდის ტემპზე მეტად - 18%-ით გაიზარდა ბანკების ხარჯები, რის გამოც ბანკების მოგების მაჩვენებელი შემცირდა.

კომერციული ბანკების მთლიანმა ხარჯებმა 808,236,000 ლარი შეადგინა, მათ შორის:
  • საპროცენტო ხარჯები - 380,868,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 13.6%; 
  • არასაპროცენტო ხარჯები (აპარატის ხარჯები, სხვა არასაპროცენტო ხარჯები) - 303,288,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 6.4%; 
  • ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით - 124,080,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 102%. 
შედეგად ბანკების მოგება გადასახადების გადახდამდე 228,468,000 ლარამდე, ანუ 13%-ით შემცირდა, დაბეგრილმა მოგებამ კი 198,601,000 ლარი შეადგინა.

ბანკების მოგებისა და ხარჯების მაჩვენებელი საქართველოს ეროვნულ ბანკს აგრეგირებული სახით აქვს გამოქვეყნებული, ხოლო უშუალოდ კომერციულ ბანკებს კი ამ დროისთვის 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლების ანგარიშები გამოქვეყნებული არ აქვთ, შესაბამისად უცნობია თუ რომელ ბანკებს შეუმცირდათ ყველაზე მეტად მოგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები