სახელმწიფო პროგრამა საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გასულ ოთხ წელში 988 ხელშეკრულება გაფორმდა და 812.3 მილიონი ლარის სესხი გაიცა. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი გულისხმობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. შესაბამისად, სახელმწიფო ფინანსური გარანტიით იღებს მონაწილეობას, სესხის ძირი თანხის მაქსიმუმ 80%-ის ოდენობით.
როგორც სააგენტოს წლიური ანგარიშიდან ირკვევა, 2020-2023 წლებში სულ 1 080 სესხია გაცემული, ხოლო გარანტიის ჯამურმა მოცულობამ 597.6 მლნ ლარი შეადგინა. 4 წლის განმავლობაში ჩახურული სესხების რაოდენობა 60-ია, ხოლო რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული პროექტების რაოდენობა - 32.
პროგრამის ფარგლებში დადასტურებული 988 ხელშეკრულება წლების მიხედვით ასე ნაწილდება:
- 2020 წელი - 123 ახალი პროექტი;
- 2021 წელი - 200 ახალი პროექტი;
- 2022 წელი - 325 ახალი პროექტი;
- 2023 წელი - 340 ახალი პროექტი.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში 2023 წელს დადასტურებული ახალი ხელშეკრულებების ფარგლებში სესხების ჯამურმა მოცულობამ 230.8 მლნ ლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან პროგრამის ეკონომიკური საქმიანობების სიას დაემატა სოფლის მეურნეობის ცალკეული კოდები (მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, მტკნარი წყლების აკვაკულტურა, ბოსტნეულის და ბაღჩეულის, ძირხვენებისა და ტუბერების მოყვანა, სხვა ერთწლოვანი კულტურების მოყვანა) და კვების მზა პროდუქტებისა და კერძების წარმოება.
სექტორების ჭრილში გასულ წელს ყველაზე მეტი ხელშეკრულება მემცენარეობა და მეცხოველეობა, ნადირობა და აღნიშნულ სფეროებში მომსახურების გაწევის სექტორში გაფორმდა და სესხის მოცულობამ 40 მილიონ ლარს გადააჭარბა.
2023 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული TOP 5 სექტორი შემდეგია:
- მემცენარეობა და მეცხოველეობა, ნადირობა და აღნიშნულ სფეროებში მომსახურების გაწევა - 71 სესხი/სესხის მოცულობა ₾40.1 მლნ/გარანტია ₾30.3 მლნ;
- კვების პროდუქტების წარმოება - 34 სესხი/სესხის მოცულობა ₾13.1 მლნ/გარანტია ₾8.9 მლნ;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა - 28 სესხი/სესხის მოცულობა ₾10.7 მლნ/გარანტია ₾8.1 მლნ;
- საკვებით და სასმელებით მომსახურება - 27 სესხი/სესხის მოცულობა ₾16.5 მლნ/გარანტია ₾10.6;
- დასაწყობება და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობები - 26 სესხი/სესხის მოცულობა ₾27.2 მლნ/გარანტია ₾19.9.