მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის შემდეგ პირველად, ჩინეთში iPhone-ების გაყიდვები რეკორდულად შემცირდა

iphone

I კვარტალში ჩინეთში Apple-ის სმარტფონების გაყიდვები 19%-ით შემცირდა, რაც, 2020 წლის შემდეგ, რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. Reuters-ის ინფორმაციით, Huawei-ს პრემიუმ სეგმენტის სმარტფონის გამოშვებამ, iPhone-ებზე მოთხოვნა შეამცირა.

ჩინეთში, სადაც სმარტფონებისთვის მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარია, Apple-ს წილი, ერთი წლის განმავლობაში, 19.7%-დან 15.7%-მდე შემცირდა, რითაც ტექნოლოგიური გიგანტი Huawei-ს გაუთანაბრდა. ორგანიზაცია Counterpoint-ის კვლევის თანახმად, Huawei-ს გაყიდვები, ამავე პერიოდში, 70%-ით გაიზარდა.

ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების ბრენდის ტიტული Apple-მ Vivo-ს დაუთმო, რომელსაც Honor-ი მოსდევს. I კვარტალში, ბაზრის წილის მიხედვით, Apple-მა მესამე ადგილი დაიკავა.

“Huawei-ს აღზევებამ, პრემიუმ სეგმენტში, Apple-ზე მოთხოვნაზე იქონია გავლენა. გარდა ამისა, iPhone-ების ხელმეორედ შეძენის შემთხვევები, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია.

მეორე კვარტალში სმარტფონებში ახალი ფერების დამატებით და გაყიდვებზე ორიენტირებული უფრო ინტენსიური კამპანიით, Apple-ს აქვს შესაძლებლობა, პოზიტიური შედეგები დაიბრუნოს”, - განმარტავს Counterpoint-ის ანალიტიკოსი, ივან ლამი.

თავად Apple-სთვის ჩინეთი რიგით მესამე უმსხვილესი ბაზარია. კომპანიის შემოსავლის 17%, გასული წლის IV კვარტალში, სწორედ ამ ქვეყნიდან დაგენერირდა.

ჩინეთის გარდა, Apple-ის სმარტფონების გაყიდვები გლობალურ ბაზარზეც ეცემა. 2024 წლის I კვარტალში, მსოფლიოს მასშტაბით, iPhone-ების გაყიდვები 10%-ით შემცირდა, რასაც ხელი Samsung-ისგან გაზრდილმა კომუნიკაციამ შეუწყო. I კვარტალში გლობალურად სმარტფონების ყველაზე გაყიდვადი მწარმოებლის ტიტული სწორედ კორეულმა ბრენდმა დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები