„ახლა უფრო გადარჩენის რეჟიმში ვართ, ვიდრე - განვითარების“ - ამის შესახებ BM.GE-ის ტურისტული კომპანია World Sightseeing Tbilisi-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გერმანე ჭელიძემ განუცხადა.
კომპანია WST ახორციელებდა ტურებს როგორც დედაქალაქის მაშტაბით 2 სართულიანი ავტობუსებით, ასევე, რეგიონების მიმართულებით მიკროავტობუსებით.
ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 15 მარტის შემდეგ კომპანიის შემოსავლები სრულად განულებულია, ხოლო თანამშრომლები იძულებით შვებულებაში იმყოფებიან.
„15 მარტის შემდეგ სრულად გავჩერდით და 100-მდე ჩვენი თანამშრომელი და კიდევ დამატებით აუთსორსზე მყოფი თანამშრომლები გავუშვით უხელფასო შვებუელბაში. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გადახდის გამართული სისტემის მეშვეობით თითოეულმა თანამშრომელმა შეძლო სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარების მიღება.
კომპანიის მდგომარეობა კი მძიმეა, ალბათ 2 წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ იმ მაჩვენებელს დავუბრუნდეთ რაც პანდემიამდე გვქონდა თუმცა რას ვიზამთ, ასეთია მდგომარეობა“, - განაცხადა WST-ის დამფუძნებელმა.
გერმანე ჭელიძის თქმით, რომ არა პანდემია კომპანია განვითარებაზე იზრუნებდა, თუმცა ახლა გადარჩენაზე ფიქრობენ.
„2019 წელს სახელმწიფოს ბიუჯეტში გადასახადების სახით, დაახლოებით, 1 მლნ ლარზე მეტი შევიტანეთ. ჩვენი დატვირთვა პანდემიამდე 10%-მდე იყო, იმიტომ რომ იანვარ-თებერვალში საქართველოში ტურიზმი დაბალი აქტივობით ხასიათდება, ხოლო შემდეგ უკვე კომპანია სრულად გაჩერდა და, შესაბამისად, შემოსავლებიც გაგვინულდა. ვგეგმავდით განვითარებას, ახალი ტექნიკის შეძენას, თუმცა ყველაფერი შევაჩერეთ სანამ ყველაფერი არ დასრულდება. ახლა უფრო გადარჩენის რეჟიმში ვართ, ვიდრე - განვითარების“, - განაცხადა ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელმა.