მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ

5e4d40e340639
BM.GE
19.02.20 18:04
1823
2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის (გარდა სახელოვნებო, ასევე ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებისა) გამოცდების ჩაბარება სავალდებულოა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა ან ისტორია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

ჯანდაცვის და საგანმანათლებლო მიმართულებებზე სავალდებულოა 4 საგნის ჩაბარება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ბიოლოგია ხოლო მეოთხე საგანი უნდა აირჩიონ შემდეგი სამი საგნიდან : მატემატიკა, ქიმია, ფიზიკა.

სახელოვნებო-შემოქედებით/ სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აბიტურიენტისთვის სავალდებულოა, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შიდა ტურის გავლა, ასევე გამოცდების ჩაბარება შემდეგ საგნებში: უცხოური ენა და ქართული ენა და ლიტერატურა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დააწესოს დამატებითი გამოცდა შემდეგ საგანში/საგნებში: ისტორია ან/და მათემატიკა.

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეორე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.

რაც შეეხება გრანტის გაცემის პირობებს და წესს, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრანტი სამი საგნის შედეგები მიხედვით გაიცემა. თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებას, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა - ის ორჯერ მიიღებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობას, საგრანტო ქულა კი გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი). მეორე კონკურსის აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგების მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს. გრანტის გაცემის დროს მაღალი კოეფიციენტი (1.5) მიენიჭება ყველა სხვა საგანს, გარდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხოური ენებისა, რომელთა კოეფიციენტი იქნება 1.

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევიდა. როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, წინა წლების მსგავსად ცვლილებები საცდელი ტესტირების, მისი შედეგების გაანალიზებისა და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა.

ისტორიის გამოცდაში - გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება. საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ და „ისტორიული მოვლენის შეფასება“. „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ - აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი. „ისტორიული მოვლენის შეფასება“ - აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი - შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება. უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი. ამასთან, ისტორიის გამოცდა მაქსიმალური 70 ქულის ნაცვლად, 60 ქულით შეფასდება.

მათემატიკაში - აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

2020 წელს უცხოური ენების ტესტებში ორი სახის სიახლე იქნება : მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი. ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.

რაც შეეხება მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სხვადასხვა საგანში, ცენტრში ინფორმაციით, აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ცენტრის ინფორმაციით, როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება. რეგისტრაციის დაწყებამდე ასევე გამოქვეყნდება აბიტურიენტის ცნობარი, რომელიც წელს მხოლოდ ელექტრონული ფორმით იქნება. დეტალური ინფორმაციის მიღება აბიტურიენტებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე შეეძლებათ.


ipn.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები