მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს ENKA-მ “ნამახვანჰესის” პროექტში 98 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო

617ab4c2012e2
შოთა ტყეშელაშვილი
28.10.21 18:40
1246
კომპანია ENKA-მ სექტემბერში საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

შესაბამისად, პროექტი, რომელიც საქართველოში 800 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიცავდა, სავარაუდოდ, აღარ განხორციელდება.

“ნამახვანჰესის” პროექტს საქართველოში შპს “ენკა რენეიუბელსი” ახორციელებდა. კომპანიამ 2020 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც გასულ წელს, პროექტის განვითარების შეჩერებამდე, მასში 98.1 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ENKA-სთან მოლაპარაკებები აქვს.

„არბიტრაჟი არ არის სასურველი, არც ჩვენთვის და იმედია, არც ENKA-სთვის. აქედან გამომდინარე, შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ხვდებიან ერთმანეთს პროფესიულ დონეზე, თუმცა არა - ჩემს დონეზე; ხდება იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზე კომუნიკაცია. რაც შეეხება ერთ თვეს და ხელშეკრულებიდან გასვლას, ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ასე და რა შემთხვევაში სხვანაირად. ცალმხრივად მოიწეროს და გავიდეს ინვესტორი, ასე არ ხდება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემები. არის კომუნიკაცია, გამოყოფილია სამუშაო ჯგუფები ჩვენი და მათი მხრიდან და მიმდინარეობს პერიოდული შეხვედრები“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ENKA-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ENKA-მ ჰესის მშენებლობა შეაჩერა, რადგანაც მასზე მორატორიუმის გამოცხადება მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები