მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2020 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე ფორმებს ქართული "აჭარა ტექსტილი" შეკერავს

5d1df01067ff1
ლიკა გურაბანიძე
04.07.19 19:05
3236
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი, შპს "აჭარა ტექსტილი" 2020 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებს ფორმებს შეუკერავს. როგორც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექსტილის საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ BM.GE-ს განუცხადა, "აჭარა ტექსტილი" ამ ეტაპზე კონკრეტული ნაკრებების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა სამომავლოდ დეტალებზე საუბარი შესაძლებელი იქნება.
 
"მომავალ წელს შესაძლოა, ჩვენთან ძალიან ბევრი ცნობილი ნაკრების ფორმები შეიკეროს. ჯერ დადასტურებულად არ ვიცით, კონკრეტულად რომელი ნაკრებები იქნება, ამიტომ ჯერ ვერ გავახმოვანებ, თუმცა ინფორმაციის მოწოდება ეტაპობრივად მოხდება", - განაცხადა გია ლომინაძემ.
 
"აჭარა ტექსტილის" ფინანსური დირექტორის განმარტებითვე, ფოთში მდებარე საწარმო ფორმების შეკერვას სხვადასხვა კლუბებისთვის მიმდინარე წელსვე გეგმავს.
 
"აჭარა ტექსტილი" ფორმებით მსოფლიოს მასშტაბით 35-მდე სპორტულ გუნდს ამარაგებს. ის ფორმებს ისეთ ცნობილ კლუბებს უკერავს როგორიც არის "დორტმუნდი", "აიაქსი", "არსენალი" და "ლიონი". ქართულმა საწარმომ 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ფორმები ხორვატიის ნაკრებისთვისაც შეკერა.
 
ცნობისთვის: სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" პროგრამის მხარდაჭერით, ფოთში "აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო 2018 წელს გაიხსნა. "აჭარა ტექსტილი" 100%-ით ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც უკვე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და საქართველოში შეკერილი პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახერხებს. 

კომპანიას ბათუმსა და ქობულეთში უკვე აქვს ორი სამკერვალო ქარხანა, სადაც 2500 ადამიანია დასაქმებული. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები