მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2020 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები ქართული ბიზნესისთვის

5fede143c355a
შოთა ტყეშელაშვილი
31.12.20 18:30
1127

2020 წლის განმავლობაში საქართველოს, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა COVID-19-ის ეკონომიკური შოკის გამკლავება იყო. შოკის ეფექტი ჰქონდა როგორც თავად ვირუსს, ასევე, საგანგებო მდგომარეობას და "ლოქდაუნს", რომელიც ქვეყნებმა მის შესაკავებლად გამოაცხადეს. ბიზნესი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ტელევიზორის ეკრანიდან იგებდა, რომ ხვალიდან მისი საქმიანობა აკრძალულად ცხადდებოდა. მიმდინარე წელს, 11 თვეში 5.9%-იანი ეკონომიკური ვარდნა დაფიქსირდა, რაც აქამდე პროგნოზირებულზე თითქმის 1%-ით მეტია. მეტნაკლები ქორონოლოგიურობით გავყვეთ გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებს, რომელთაც ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებაზე ჰქონდათ გავლენა.


2020 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები ქართული ბიზნესისთვის:

  • 2020 წელი მთავრობის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტით დაიწყო. მთავრობის განცხადებით, 9 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების საბაბი, გახდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ კაპიტალის არასაკმარისი მოცულობის შეგროვება. თავის მხრივ, კონსორციუმი საქართველოს მთავრობას პროექტის წინააღმდეგ დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს. ზაფხულში საქმეზე საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში ორი საჩივარი გაიგზავნა. მთავრობის განცხადებით, ისინი ანაკლიის პროექტის ერთგული რჩებიან და ახალ ტენდერსაც გამოაცხადებენ, თუმცა როგორც ბიუჯეტშია აღნიშნული, მთავრობას არ აქვს მოლოდინი, რომ ახალ საერთაშორისო ტენდერში რეპუტაციული კომპანია მიიღებს მონაწილეობას, რაც მიმდინარე დავებს უკავშირდება;
  • 2020 წლის 29 იანვრიდან საქართველოს მთავრობამ ჯერ ჩინეთთან და ირანთან აკრძალა, ფრენები, მარტიდან კი, მთლიანად რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გაჩერდა. საქართველოში არსებული ბაზა დახურა “ვიზეარმა”, აეროპორტებში კი, კრიზისი დაიწყო. არსებული მდგომარეობით, რეგულარული ფრენების აღდგენის ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია. რაც შეეხება “ვიზეარის” ბაზის აღდგენას, ავიაკომპანია Wizz Air-ის გენერალური დირექტორის ჯოზეფ ვარადის განცხადებით, Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტში ბაზას, სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულისთვის დააბრუნებს.
  • საზღვრების ჩაკეტვიდან გამომდინარე, ტურისტული ინდუსტრიის შემოსავალი 95%-ით შემცირდა. სექტორი, რომელმაც გასულ წელს $3 მილიარდზე მეტი შემოსავალი დააგენერირა, წელს ისტორიული მასშტაბის კრიზისის წინაშე დადგა.
  • ბანკებმა მოქალაქეებს სესხების მომსახურებაზე რამდენიმეთვიანი შეღავათი გაუკეთეს - ქართულმა კომერციულმა ბანკებმა 12 მარტს გააკეთეს განცხადება სესხების მომსახურებაზე პირველი 3-თვიანი შეღავათების დაწესებაზე. ამას მოჰყვა მეორე საშეღავათო პერიოდი და ანალოგიური შეღავათები კრიზისში აღმოჩენილი კომპანიებისთვის;
  • პირველი "ლოქდაუნის" დროს, მთავრობამ ეკონომიკური საქმიანობების უდიდესი ნაწილი აკრძალა. 30 მარტის დადგენილებით გაჩერდა, ფაქტობრივად, ყველა სახის საქმიანობა, აიკრძალა მათ შორის ონლაინ ვაჭრობაც. მალევე აკრძალვაში რიგი ცვლილებები შევიდა და მსხვილ საწარმოებს, ასევე, სამშენებლო სექტორს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცათ. გაზაფხულის ბოლოს კი, ლოქდაუნი მოიხსნა;
  • ქართულმა ბანკებმა სებ-ის მითითების შესაბამისად, საკრედიტო დანაკარგების ბუფერში 1,2 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისის ფინანსურ დანაკარგებს ასახავდა. ამ ნაბიჯის გამო საბანკო სექტორის მოგება წელს თითქმის განულდა;
  • “თიბისი ბანკმა” უზბეკეთში საბანკო საქმიანობის დაწყების ლიცენზია მიიღო. აპრილის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს უმსხვილესმა ბანკმა უზბეკეთში საკუთარი ქსელის გაფართოება დაიწყო. როგორც “თიბისის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ “საქმიან დილაში” განაცხადა უზბეკეთში თიბისის აპლიკაციით უკვე 10,000-მდე ადამიანი სარგებლობს;
  • ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა რამდენიმეწლიანი განხილვის შემდეგ, ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და “ფრონტერას” შორის დავაში გადაწყვეტილება მიიღო. გაზაფხულზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, “ფრონტერას” მისი სალიცენზიო ტერიტორიის უდიდესი ნაწილის დათმობა მოუწია. პროცესს კომპანიის მხრიდან არაერთი ხმაურიანი განცხადება სდევდა თან;
  • “კავკასუს ონლაინში” კომუნიკაციების კომისიამ სპეციალური მმართველი დანიშნა. ამ გადაწყვეტილებას წინ კომპანიის ახალ ინვესტორებსა და კომისიას შორის არაერთთვიანი დავა და კომისიის მხრიდან დაჩქარებული წესით პარლამენტში კანონის ინიცირება უძღვოდა. საკანონმდებლო ცვლილებამ კომუნიკაციების კომისიას კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის შესაძლებლობა მიანიჭა. პარლამენტში საკითხის განხილვას ბიზნესთან ცხარე დებატები სდევდა თან, რის შედეგადაც სადავო კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა;
  • FDI 24%-ით შემცირდა - 9 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 719 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ 228 მლნ დოლარით ნაკლებია.
  • სახელმწიფო საწარმოებში რეფორმის შედეგად, “საპარტნიორო ფონდს” ესკო და სახელმწიფო ელექტროსისტემა გამოეყო. ამ კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაინაცვლეს. სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი მოთხოვნა “საპარტნიორო ფონდის” ორგანიზაციული სტრუქტურის სრული შეცვლა და მისთვის ახალ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის აკრძალვაა;
  • იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მთავრობის მიერ სამშენებლო სექტორის დახმარების პროგრამის ფარგლებში შემუშავდა. ზაფხულიდან ამოქმედებული პროგრამა დღეს სრულდება და მის ფარგლებში სულ 6.4 ათასამდე სესხის თანადაფინანსება მოხდება. “თიბისი კაპიტალის” შეფასებით, 6 ივლისი - 26 დეკემბრის პერიოდში გაცემული იპოთეკების 37.6% სწორედ სუსბისირების პროგრამაში მონაწილეობს;
  • ნამახვანჰესის კასკადის $800-მილიონიანი პროექტი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა - იმერეთში მდინარე რიონის ხეობაში მშენებარე 430-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის წინააღმდეგ 23 ოქტომბერს დაწყებული აქციების მონაწილეები ტერიტორიიდან ინვესტორის - კომპანია „ენკას“ წასვლას ითხოვენ. მთავრობა კომპანიას შექმნილი ვითარების განმუხტვისთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციისკენ მოუწოდებს. პროექტი აშენების შემთხვევაში, საქართველოს ენერგოგამომუშავებას 12%-ით გაზრდის;
  • ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით პირველი ტვირთები თურქეთიდან ჩინეთში უკვე ჩავიდა - დეკემბერში საქართველოზე გაიარა პირველმა სარკინიგზო შემადგენლობამ, რომელმაც თურქეთიდან ჩინეთამდე მანძილი 12 დღეში დაფარა. სატესტო მატარებლების რაოდენობის მატების მიუხედავად, ამ რკინიგზის სრულფასოვანი ოპერირება ჯერ არ დაწყებულა;
  • ლონდონის საფონდო ბირჟიდან “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” მოიხსნა, რის შედეგადაც LSE-ზე ვაჭრობადი ქართული კომპანიების რაოდენობა სამამდე შემცირდა. დელისტინგის შესახებ გადაწყვეტილება თავად GHG-იმ მიიღო.
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში შვეიცარული კომპანია Camille Bloch-ი $10-მილიონიან ინვესტიციას ჩადებს - ამ თანხით სამეგრელოში 700 ჰექტარზე თხილის პლანტაციები გაშენდება. ამასთან, თხილის წარმოების მოცულობა “აზიური ფაროსანას  კრიზისამდე” არსებულ მაჩვენებლებს უბრუნდება. 2020 წლის 11 თვეში თხილის ექსპორტმა $81.3 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 40.2%-ით არის გაზრდილი;
  • მობილურ ოპერატორებს კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე ტარიფების ზრდა აეკრძალათ - ივნისის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებით, “მაგთიკომს”; “სილქნეტს” და “ვიონს” მობილურ მომსახურებაზე კომისიის თანხმობის გარეშე ტარიფების გაზრდის უფლება შეეზღუდათ;
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია $250-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას მოახდენს, რისთვისაც კომპანიამ EBRD-ისგან აიღო სესხი; ამასთან გაფორმდა ხელშეკრულება ახალი თბოსადგურის - “გარდაბანი 3”-ის ასაშენებლად. 272-მეგავატიან სადგურს $175 მილიონ დოლარად თურქული “ჩალიკ ენერჯი” ააშენებს;
  • საქართველოდან ავტოექსპორტი 42.5%-ით შემცირდა, დარგი რომელიც უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული ზრდით ხასიათდებოდა რეგიონში მკვეთრად გაუარესებული ვითარების (COVID პანდემია + რეგიონული კონფლიქტი) გამო შემოსავლების შემცირების წინაშე დადგა. წელს საქართველომ ავტოექსპორტიდან ჯამურად 365 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. რაოდენობრივად ექსპორტის ყველაზე მსხვილი დანაკლისი ($269.5 მლნ დოლარი) სწორედ ამ სექტორშია;
  • კრიზისის მიუხედავად, ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი მკვეთრად არ შემცირებულა. 2020 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე სულ $186.2 მილიონის ღვინო (კლება 8%) და $116 მილიონი დოლარის (ზრდა 3%) სპირტიანი სასმელები გავიდა;
  • შეთანხმება SOCAR-თან, დეკემბერში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ საქართველოსთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ფასის შემცირება 200 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს შეეხება და ის უშუალოდ მოსახლეობის მოხმარებისთვის არის განსაზღვრული;
  • სავაჭრო ცენტრებს საახალწლო პერიოდში გახსნის უფლება მიეცათ - ამ გადაწყვეტილებას მოლებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის რთული მოლაპარაკებები უძღვოდა. სავაჭრო ცენტრები სახელმწიფოსგან ითხოვდნენ, რომ უფრო მეტი დღის განმავლობაში შეძლებოდათ ვაჭრობა;
  • ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი არ შემცირებულა. მომდევნო წელს კი საქართველოს მთავრობის გაზრდილი ვალი ერთ-ერთი ფაქტორი იქნება, რაც Fitch-ის; S&P-ისა და Moody's-ის მხრიდან რეიტინგის გადახედვის საფუძველი შეიძლება გახდეს. არსებული მდგომარეობით, საქართველოს რეიტინგი ფიტჩის და S&P-ის სკალაზე "BB"-ია, ხოლო მუდისის სკალაზე Ba2.
  • სემეკმა ქვეყანაში ელექტროენერგიის გაძვირებული სამომხმარებლო და კომერციული ტარიფი დაამტკიცა. მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის ღირებულება კილოვატ საათზე 3.5 თეთრით გაიზარდა, მთავრობის განცხადებით, ისინი ტარიფის ზრდის სუბსიდირებას განახორციელებენ. კომერციული აბონენტებისთვის კი ტარიფის მატება საშუალოდ 70%-იანია და ის ერთ კილოვატზე 11-13 თეთრის დიაპაზონშია.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები