"დანერგე მომავალის" ფარგლებში 2020 წლისთვის 100 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქციას მივიღებთ,- ამის შესახებ "საქმის კურსს" სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტ „დანერგე მომავალის“ ხელმძღვანელმა ლევან დოლიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში გაშენებული კულტურების უმეტესობა ნაყოფს 3-4 ან 5-6 წლის შემდეგ გამოიღებს და 2020 წლისთვის პირველი სრულყოფილი მოსავალი იქნება.
ლევან დოლიძის თქმით, ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში სულ 17 მილიონი ლარია დახარჯული, 5-6 წელში კი ქვეყანა 100 მილიონი ლარის პროდუქციას მიიღებს.
კითხვაზე, აქვს თუ არა სახელმწიფოს „დანერგე მომავალის“ ფარგლებში მონიტორინგის მექანიზმი, ლევან დოლიძე ამბობს, რომ ყველა ცალკეულ შემთხვევაში ბენეფიციარები ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც იღებენ ვალდებულებას კონკრეტულ ვადაში განახორციელონ ახალი კულტურების გაშენება.
"ამ ვადების გასვლის შემდეგ ჩვენივე მონიტორინგის სამსახური მიდის ყველა ბენეფიციართან და ფიზიკურად თვლის ნერგებსა და იმ ფართობსაც რა ფართობიც უნდა გასარწყავინებულიყო",- აცხადებს ლევან დოლიძე.
მისივე თქმით, მიღებული პრაქტიკაა, რომ ნერგების 2%-დან 5%-მდე შეიძლება გახმეს, თუმცა, ამ შემთხვევაში სანერგე მეურნეობის უმეტესობას აქვს ვალდებულება, გამხმარი ნერგები ახალი ნერგებით ჩაანაცვლოს. ლევან დოლიძე აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევები იშვიათად ფიქსირდება.

























