განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებებს აანონსებს და აცხადებს, რომ 2020 წლისთვის შეფასების ახალი სისტემა ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით, სტუდენტების არჩევის შესაძლებლობა უნივერსიტეტებსაც მიეცემათ, თუმცა რა ფორმით მოხდება გამოცდების ჩაბარება, ამ ეტაპზე უცნობია.
„უმაღლესის მიმართულებით იქნება რეფორმები, რომელიც გამიზნული იქნება იმისკენ, რომ ევროპის განათლების მეტი სინქრონიზაცია მოხდეს. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის ნაწილი, ეს მიზანი გვაქვს. ეს არის ავტორიზაცია-აკრედიტაცია და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც თავისთავად მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ბევრი ევროპული სტანდარტი შემოვიტანოთ ძალიან სწრაფად. ამაშიც ბევრი დრო არ გვაქვს, ვფიქრობთ რომ წელიწად, წელიწად-ნახევარში უნდა შევძლოთ ამ სტანდარტების მიღწევა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, ეს უკვე შეფასების, შემდგომი მუშაობის ეტპია. მაგრამ ერთი ვიცით, რასაც შეიძლება შევპიდეთ, რომ 2020 წლისთვის მოხდება წინასწარ განსაზღრა და გვექნება რეფორმირებული ახალი შეფასების სისტემა, რომელიც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად იქნება გაუმჯობესებული.“ - განაცხადა „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში მიხეილ ბატიაშვილმა.