მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2021 წელს ბათუმმა შესაძლოა, World Travel Awards-ს უმასპინძლოს

5cfe1b823b0f3
მარიამ ადამია
10.06.19 12:40
1120
"დაწყებულია მოლაპრაკება, რომლის თანახმადაც, 2021 წელს ევროპის დაჯილდოების ცერემონია ბათუმში ჩატარდება, ამ დროისთვის კი, ქალაქი იქნება ყველანაირად მზად, რომ უმასპინძლოს სტუმრებს სრულყოფილად", - ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებისა და რეკლამის სამსახურის უფროსმა ნინო ხახუბიამ ისაუბრა.

მისი თქმით, World Travel Awards-ის ჯილდო ბათუმს გაუზრდის როგორც ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით, ასევე – ტურისტულ ნაკადებს.

"ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო დაინტერესდება ბათუმით, როგორც ფინანსური, ასევე საინვესტიციო კუთხით და შედეგად, ჩვენს ქვეყანას უფრო მასშტაბურად გაიცნობს მსოფლიო, თუმცა ამ დროისთვის აუცილებელია ვაკმაყოფილებდეთ ევროპულ სტანდარტებსა და კრიტერიუმებს მასპინძლობის სფეროში, იმისათვის, რომ სტუმრების მოლოდინი და იმედები გავამართლოთ და ვუმასპინძლოთ მათ ღირსეულად. ამისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია", - აღნიშნა ნინო ხახუბიამ.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებისა და რეკლამის სამსახურის უფროსი აცხადებს, საქართველოდან პორტუგალიაში, კერძოდ მადეირაში, ღონისძიების ფარგლებში, დელეგაცია იყო, როგორც სამთავრობო ასევე ბიზნეს კუთხით ჩასული, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ხვდებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და ბიზნეს სექტორსაც, ანუ იყო ოციფიალური დონის შეხვედრებიც და B2B-იც, რომლის დროსაც, საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ პოტენციურ პარტნიორებს და დაემყრებინათ მათთან კომუნიკაცია.

"ეს ყველაფერი მომავალში აუცილებლად გამოიღებს შედეგს და წაადგება როგორც რეგიონს, ასევე ქვეყანას. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო ასპარეზზე, რომლის დახმარებითად მსოფლიოს მასშტაბით გაიგეს, რომ არსებობს ადგილი, ბათუმი, რიმელსაც ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია", - აღნიშნა ნინო ხახუბიამ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა. World Travel Awards-ის ჯილდოს მფლობელი პორტუგალიაში, მადეირაზე გამოვლინდა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ჯილდოს მისაღებად ბათუმს კონკურენციას სოფია, მატერა, ბაქო, ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარი და დერი უწევდა. მადეირაზე დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი მთავრობის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები