2021 წელს სამუშაო ადგილზე 37 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა 253. ამის შესახებ შრომის ინსპექციის 2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 2021 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით შემცირებულია 5%-ით, 2019 წელთან შედარებით შემცირებულია 18%-ით, ხოლო, 2018 წელთან შედარებით - 31%-ით.
ყველაზე მეტი - 13 ადამიანი მშენებლობაზე დაიღუპა, რისკიანობით მეორეზეა დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც 6 ადამიანი გარდაიცვალა. შრომის ინსპექციაში აღნიშნავენ, რომ წლიდან წლამდე სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება.
დოკუმენტის მიხედვით, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 34 კაცი, ხოლო დაშავებულთაგან 37 ქალი და 216 კაცია.
2021 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებიდან დაფიქსირდა 1 მასობრივი უბედური შემთხვევა. დაშავებულთაგან 58 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც მძიმე უბედური შემთხვევა, 195 კი როგორც საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა.
უბედური შემთხვევების კლასიფიკაცია შემდეგნაირად ხდება:
ა) მსუბუქი უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო მსუბუქი დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე ან შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3 დღისა;
ბ) საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვით 3 დღიდან 40 დღემდე;
გ) მძიმე უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო მუდმივი შრომისუუნარობის განვითარება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან/და დროებითი შრომისუუნარობის განვითარება 40 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით;
დ) ფატალური უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო ადამიანის (დასაქმებულის ან სხვა პირის) სამუშაო ადგილზე ან უბედური შემთხვევიდან 1 წლის განმავლობაში გარდაცვალება;
ე) მასობრივი უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო 3 ან მეტი ადამიანის დაშავება, მათ შორის, 1 მძიმე უბედური შემთხვევა ან 1 ფატალური უბედური შემთხვევა.




























