მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს TSIKOLIA-ს ბრენდის პროდუქტზე მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა - ზვიად ციკოლია

61d47c72eda6f
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.22 22:28
4207
სამეწარმეო დიზაინერის და ექსკლუზიური საათების ბრენდ TSIKOLIA-ს დამფუძნებლის ზვიად ციკოლიას შეფასებით, 2021 წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო.
როგორც BM.GE-სთან საუბრისას ზვიად ციკოლიამ აღნიშნა, გასულ წელს მათი ბრენდის აქსესუარებზე მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა.

„ახალ მოდელებზე ვმუშაობთ და არ ვჩერდებით. მოთხოვნა პროდუქციაზე გაზრდილია, თუმცა ლოგისტიკური სირთულეების გამო მოთხოვნა მიწოდებას არ შეესაბამება. მოთხოვნიდან გამომდინარე 2021 წელს საწარმოო მოცულობები 2020 წელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა, ხოლო 2020-ში 2019 წელთან შედარებით ზრდა 250% იყო.

მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება ასევე საიუველირო ხაზის მიმართულებითაც რომელიც 2020 წელს ჩავუშვით გაყიდვაში. ამ ეტაპისთვის უკვე შექმნილია ახალი ხაზი და ახალ მოდელებს, რომელიც ქართული თემატიკისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, იანვრის შუა რიცხვებისთვის ველით“, - აღნიშნა ზვიად ციკოლიამ.

სამეწარმეო დიზაინერი აღნიშნავს, რომ TSIKOLIA-ს ბრენდის საათები და საიუველირო ნაწარმი ონლაინ, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდება და ერთადერთი ადგილი, სადაც რეალიზაცია არ მომხდარა ლათინური ამერიკის ქვეყნებია. ბრენდის დამფუძნებელი განმარტავს, რომ გასული წლის განმავლობაში კომპანიას ძირითადი გამოწვევები ლოგისტიკური შეფერხებების გამო ექმნებოდა.

„2020 წელთან შედარებით 2021 წელის პოზიტიური წელი იყო, თუმცა პრობლემებიც გვქონდა. მსოფლიო ლოგისტიკის მიმართულებით დიდ პრობლემებს განიცდის და შვეიცარიელებიც კი, რომლებიც პუნქტუალობით გამოირჩევიან, შეკვეთების გაწერილ ვადებში მიწოდებას ვერ ახერხებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ გვქონდა გათვალისწინებული ეს სირთულეები და თადარიგი გვქონდა დაჭერილი, შეფერხებები მაინც გვქონდა, რამაც ჩვენზე გარკვეული გავლენა იქონია. ადრე თუ შეკვეთას 3-4 თვეში ვიღებდით, ახლა რიგ შემთხვევაში მიწოდება 1 წელი ფერხდება“, - უთხრა BM.GE-ის ზვიად ციკოლიამ.

შეგახსენებთ, რომ TSIKOLIA-ს ბრენდის ექსკლუზიური დიზაინის საათები და საიუველირო ნაწარმი შვეიცარიაში მზადდება. სამეწარმეო დიზაინერი 2022 წლიდან წარმოების საქართველოში გადმოტანას გეგმავს, სადაც პირველ ეტაპზე მხოლოდ საათები აეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები