2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შეიცვალა - შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა ორკვირიანი განხილვის შემდეგ მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, მთავრობის ხარჯები 297 მილიონი ლარით გაიზარდა და რეკორდულ 19.97 მილიარდ ლარს მიაღწია.
ბიუჯეტის მატება ძირითადად ჯანდაცვის სამინისტროს შეეხება, რაც COVID-19-ის მართვის ხარჯებს უკავშირდება.
სამინისტროს დაფინანსება 376 მილიონი ლარით, 6.47 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. კოვიდის მართვასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა პენსიონერთა ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამითაც არის გამოწვეული, რადაგანაც 2021 წლის 1 იანვრამდე ყველა აცრილი პენსიონერი სახელმწიფოსგან 200-ლარიან დანამატს იღებს.
„გაიზარდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. ასევე, შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტიც. ხარჯვითი ნაწილის ზრდა მიმართული იყო ჯანდაცვის სექტორში დამატებითი ხარჯების აუცილებლობით. ეს ეხებოდა პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ წლის მეორე ნახევარში საჭირო იქნებოდა დაახლოებით 4500-მდე საწოლის მობილიზება თუმცა, ვირუსის გავრცელებას ჰქონდა უფრო ფართო მასშტაბი და საბოლოო ჯამში 9000-ს გადააჭარბა მობილიზებული საწოლების რაოდენობამ. შესაბამისად, აუცილებელი გახდა დამატებითი ხარჯების გაწერა ინფიცირებული მოსახლეობის მკურნალობისთვის. ყოველივე ამან გამოიწვია აუცილებლობა, რომ ჯანდაცვის სექტორში დამატებითი ხარჯები მიგვემართა. სწორედ ეს იყო ის მთავარი მიზანი და მიზეზი, რის გამოც საჭირო გახდა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, 60 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაც და ის 990 მილიონი ლარი გახდა.
ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი კი აქამდე დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით მცირდება 57.9 მლნ ლარით და განისაზღვრება 585 მილიონით. კლების მიზეზი საკრედიტო-საგარანტიო სისტემის ბიუჯეტის 35 მილიონით, 59 მილიონამდე შემცირებაა. ამასთანავე, 22.6 მილიონი ლარით მცირდება ინტერნეტიზაციის პროგრამა Log-in Georgia-ს დაფინანსება, რასაც საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
გაცვლითი კურსის გამყარების და საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით, 85 მილიონით მცირდება სახელმწიფო ვალების მომსახურების ბიუჯეტი. აქედან საგარეო ვალის მიმართულებით კლება 65 მილიონი ლარი, საშინაო ვალის მიმართულებით კლება კი 20 მილიონი ლარია.
ბიუჯეტის ასიგნებებთან ერთად, ცვლილებებია საშემოსავლო მიმართულებითაც. კერძოდ, 10%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, გაზრდილია საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი, სადაც მატება 95 მილიონი ლარია და ის 3.5 მილიარდს აღწევს.
მოგების გადასახადის გეგმა 50 მილიონით, 1 მილიარდ ლარამდე იზრდება, დღგ-iს მიმართულებით ზრდა 61 მილიონი ლარია, რითიც ამ გადასახადის გეგმა 4.8 მილიარდს აღწევს.
აქციზის მობილიზაციის მხრივ მატება 25 მილიონი ლარია და ეს გადასახადი 1.825 მილიარდს მიაღწევს, სხვა გადასახადების მხრივ კი, ზრდა 68 მილიონი ლარია.
მთლიანობაში ბიუჯეტის შემოსავლები 300 მილიონით, 11.36 მილიარდ ლარამდე იზრდება, ხოლო მშპ-ის საპროგნოზო ოდენობა 53.4 მილიარდის ნაცვლად, 57.2 მილიარდამდე იზრდება. სწორედ ამ ორი გარემოების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი აქამდე განსაზღვრული 7.7%-დან 6.7%-მდე მცირდება.