2021 წლისთვის "თანაინვესტირების ფონდი" 53–მეგავატიანი "მტკვარი ჰესის" პროექტის დასრულებას გეგმავს. ამის შესახებ გადაცემა "საქმის კურსში" საუბრისას "თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ განაცხადა. ჰესის მშენებლობაში ჯამში, 150 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა.
ცოტნე ებრალიძის თქმით, ამ ეტაპზე ფონდში ფინანსურად გამორჩეული ტურიზმის და უძრავი ქონების სექტორია და პროექტების ჯამური ღირებულება 770 მლნ აშშ დოლარს სცდება.
როგორც ებრალიძე აღნიშნავს, ენერგეტიკის სექტორი პროექტების ჯამური რაოდენობით ტურიზმის და უძრავი ქონების სექტორებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ფონდი ამჟამად სამ ენერგეტიკულ პროექტს "მტკვარი ჰესს", "ონი ჰესს" და "ცხენისწყლის ჰესების კასკადს" ახორციელებს.
"ჩვენი ყველა პროექტი ქართული ეკონომიკისათვის აქტუალურ სექტორშია. მაგალითად: ტურიზმის და უძრავი ქონების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ასევე მრეწველობის მიმართულებით", - განაცხადა ებრალიძემ.
რაც შეეხება ვადებს, ფონდის ხელმძღავნელის განმარტებით, ყველაზე გრძელვადიანი ენერგეტიკული პროექტებია, რაც 2027 წლისთვის დასრულდება.

























