დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, სოცდაუცველთა დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 32 804 პირი. ეს ნიშნავს, რომ თითქმის 33 ათასმა სოციალურად დაუცველმა კერძო სექტორში საკუთარი დასაქმება ფორმალური გახადა.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ამოქმედებამდე თუ 200 000-მდე ქულის მფლობელი სოციალურად დაუცველი მუშაობას დაიწყებდა და ხელფასი დაერიცხება, სახელმწიფო მოქალაქეს სტატუსს უჩერებდა, თუმცა პროგრამის ფარგლებში დასაქმებულებს სტატუსი უცვლელად უნარჩუნდებათ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს, პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით ჯამში სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული. მათ შემთხვევაშიც დასაქმებაც ოთხწლიანია.
სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 2022 წლის პირველი მარტიდან ხორციელდება და მასში ჩართული მოქალაქეების ხელფასი 300 ლარია. ის პირები, რომლებიც პროგრამაში ერთვებიან, ოთხი წლის განმავლობაში არ კარგავენ სოციალურად დაუცველის სტატუსს. დასაქმებულები სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ასრულებენ დამხმარე სამუშაოებს, მაგალითად დასუფთავების, მზარეულის ასისტენტის, დარაჯის, საკვების მიმტანის და სხვა სერვისების მიმართულებით. საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ბიუჯეტიდან 103.3 მლნ ლარი დაიხარჯება.