მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 როგორც სამეცნიერო აღმოჩენების წელი - ექსპერტები თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ საუბრობენ

64118103c412f
BM.GE
15.03.23 12:21
1574
თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიისა და მისი ინსტრუმენტების შესახებ საზოგადოებაში ცნობადობა იზრდება, თუმცა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და კანონმდებლებს შორის არ არსებობს ერთიანი კონსენსუსი სტრატეგიის ეფექტურობის თაობაზე. ხშირად, არასწორი აღქმები და დეზინფორმაციაზე დაფუძნებული მოსაზრებები მეცნიერულ მტკიცებულებებს უპირისპირდება, რიგ შემთხვევაში კი არასწორი გადაწყვეტების მიღებას განაპირობებს.

ამ საკითხებზე სასაუბროდ, საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად და ზიანის შემცირების სტრატეგიის შესახებ ახალი სამეცნიერო მტკიცებულებების გასაცნობად 2023 წლის თებერვალში მადრიდში თამბაქოს ზიანის შემცირების სამიტი გაიმართა.

“2022 თამბაქოს ზიანის შემცირების მიმართულებით ახალი აღმოჩენების წელი იყო. ახალი სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ზიანის შემცირების სტრატეგიას შეუძლია ხელი შეუწყოს მოწევისთვის თავის დანებებისა და პრევენციისკენ მიმართულ საკანონმდებლო ინიციატივებს. როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მოხმარება მოწევასთან დაკავშირებული რისკების მხოლოდ მცირე ნაწილს შეიცავს, ხოლო კოჰრეინის მიმოხილვის თანახმად, არსებობს მაღალი სანდოობის მქონე მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ნიკოტინის შემცველი ელ. სიგარეტები ეხმარება მწეველებს, თავი დაანებონ მოწევას”, - აღნიშნავს ფერნანდო ფერნანდეზ ბუენო, მადრიდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორი.

სამეცნიერო წრეებში სულ უფრო და უფრო მეტი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტენრატიული პროდუქტები ტრადიციული სიგარეტის კვამლთან შედარებით გაცილებით ნაკლებ მავნე ნივთიერებას შეიცავს. თუმცა, შემცირებული რისკის ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დოქტორი კონსტანტინოს ფარსალინოსის განცხადებით, ზიანის შემცირების ინსტრუმენტებს ადამიანები, მათ შორის ისინიც, ვინც თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიას ეწინააღმდეგებიან, ყოველდღიურად იყენებენ - იქნება ეს მგზავრობის დროს ღვედის გამოყენება, ჩაფხუტის ხმარება თუ სხვა.

“ეს ყოველდღიური ატრიბუტები ზიანის შემცირების ინსტრუმენტებია, რადგან ისინი არ ახდენენ ზიანის სრულად პრევენციას, თუმცა ამცირებენ სერიოზული ზიანის მიყენების რისკებს... შესაბამისად, ვფიქრობ, არ არის საჭირო იყო მეცნიერი იმისათვის, რომ დაინახო განსხვავება ტრადიციულ სიგარეტებთან და ნოკოტინის შემცველ თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებთან დაკავშირებულ რისკებს შორის”, - განმარტავს კონსტანტინოს ფარსალინოსი, ონასის კარდიოლოგიური ქირურგიის ცენტრის მკვლევარი და კარდიოლოგი.

ამის მიუხედავად, ჯანდაცვის ექსპერტები არ აღიარებენ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლო პოტენციალს, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

“თუ არ ვცდები, ნიკოტინის მოხმარების გადახედვა ჩემს სამშობლოში - შვედეთში დაიწყო, სადაც დასაღეჭი თამბაქოს უკვამლო პროდუქტი 70-იან წლებში გამოჩნდა და ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო მეტად პოპულარული გახდა. დღეს ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა მხოლოდ 5%-ს შეადგენს, დანარჩენი კი დასაღეჭ თამბაქოს მოიხმარს იმავე რაოდენობით, რა რაოდენობითაც ევროკავშირში - თამბაქოს. შედეგი? ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით შვედეთში მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება”,- აღნიშნავს კარლ ფაგერსტრომი, Fagerström Consulting-ის დამფუძნებელი და თამბაქოსა და ნიკოტინის კვლევითი საზოგადოების დამაარსებელი წევრი.

უფრო მეტიც, ნორვეგიაში, რომელიც შვედეთის გამოცდილებას იზიარებს, 35 წლამდე მწეველთა მხოლოდ 2% მოიხმარს ტრადიციულ სიგარეტს, დანარჩენი კი უპირატესობას დასაღეჭ თამბაქოს პროდუქტებს ანიჭებს. მისივე თქმით, მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება იაპონიაშიც, სადაც 7 წლის წინ თამბაქოს გასახურებელი პროდუქტები გამოჩნდა. შედეგად, ქვეყანაში სიგარეტის გაყიდვები 30%-ით შემცირდა.

მართალია, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობს დადასტურებული სამეცნიერო მტკიცებულებები, თუმცა, მეცნიერების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები