საქართველოს სასამართლო სისტემაში საქმეების გაჭიანურების ტენდენცია სასამართლოს ერთ-ერთ მთავარ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. გადაწყვეტილებების დასაბუთებასთან ერთად მხარეები ხშირად მიუთითებენ დაკარგულ დროზე, რასაც მათთვის ქვეყნის სასამართლო სისტემასთან შეხება იწვევს. არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსმა მოამზადა კვლევა საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ და შეისწავლა ის მიზეზები, რომლებიც ქვეყანაში პროცესების გაჭიანურებას იწვევს.
საქართველოს სასამართლო სისტემაში სულ 340 მოსამართლე არის დასაქმებული. 2022 წლის მდგომარეობით ეს 340 მოსამართლე განიხილავდა ჯამში 250,464 საქმეს, რაც ერთ მოსამართლეზე საშუალოდ 737-ს შეადგენდა. ამასთან, საქმეების ნაშთმა 2022 წლის ბოლოსთვის 101,551 შეადგინა, რაც ერთ მოსამართლეზე 299 საქმეს შეადგენს.
დემოკრატიის ინდექსის კვლევის თანახმად, გადატვირთულობის პრობლემის არსებობას თავად სასამართლო სისტემაც აცნობიერებს, ამაზე მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2019 წლის ანგარიშიც, სადაც სასამართლოთა გადატვირთულობა სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა.
ამასთან სტატისტიკის მიხედვით, მზარდია სასამართლოში ახალი საქმეების შესვლის დინამიკაც. მაგალითად 2021 წელს 118 ათასი სარჩელი შევიდა სასამართლოში, 2022-ში კი 132 ათასი. ახალი საქმეების 73% სამოქალაქო, 13% ადმინისტრაციული, 14% კი სისხლის სამართლებრივ დავას განეკუთვნება.
დემოკრატიის ინდექსის კვლევის თანახმად, მხოლოდ საქმეთა რაოდენობის მატება არაა მიზეზი, რის გამოც სასამართლოში გაჭიანურების პრობლემაა, არამედ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი მოსამართლეთა შრომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხებია. ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც საქმეები უძრაობის პერიოდში შედიან და მათზე არც განხილვები არც სამართლებრივი პროცედურები თვეების განმავლობაში არ მიმდინარეობს.
"მოსამართლეები არ იყენებენ საქმის ეფექტური მართვის რეკომენდებულ მექანიზმებს, როგორებიცაა ადრეული ეტაპიდან საქმის უწყვეტი კონტროლი, მხარეებთან ერთად საქმის მსვლელობის დაგეგმვა და პროცესუალური კალენდრის შედგენა, ნაკადის მართვა საქმეთა დიფერენცირების გზით.
მხარეთათვის დავალებების შესრულებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის ვადის განსაზღვრა, მისი ეფექტური კონტროლი; ასევე დადგენილ ვადებში საპროცესო მოქმედებების შეუსრულებლობის გამო ეფექტურად არ გამოიყენება მხარეთათვის პროცესუალური პასუხისმგებლობის დაკისრება .
თითქმის ყველა საკითხი განიხილება ზეპირად, მოსამზადებელ სხდომაზე, რაც იწვევს მომზადების სტადიის გახანგრძლივებას და მოსამზადებელი სხდომების რაოდენობის ზრდას.
საქმეთა გადადება ხშირად ხდება უსაფუძვლოდ, ხანგრძლივი ინტერვალებით.
საქმეებზე სისტემატურია ე.წ. უძრაობის ხანგრძლივი პერიოდები, როდესაც არ ხორციელდება რაიმე საპროცესო მოქმედება და შემდეგი მოქმედებაც არ არის ჩანიშნული.
სამოქალაქო საქმეთა მორიგებით დასრულების მაჩვენებელი 2017 წლის შემდეგ მუდმივად ეცემა. 2022 წლის მდგომარეობით დასრულებულ საქმეთა 4 პროცენტს შეადგენს.
საქმეთა მართვის უნარების შესახებ მოსამართლეთა განგრძობადი სწავლება 2018 წლის შემდეგ არ განხორციელებულა.
მოსამართლეთა ნაწილი არ არის მოტივირებული რომ საქმეები დროულად და ეფექტურად განიხილოს. მოსამართლის დემოტივაციაზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საქმეთა დაგროვება, წახალისების და მხარდაჭერის სისტემის არარსებობა,"- ნათქვამია კვლევაში.