მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2022 წელი ელექტროენერგიის გამომუშავებისა და ექსპორტის კუთხით რეკორდული იყო - მიქაუტაძე

63a5baaab3f7f
მარიამ ვარადაშვილი
23.12.22 23:30
504
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, წელს საქართველოში სადგურებმა რეკორდული მოცულობის ელექტროენერგია გამოიმუშავეს.

პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მიქაუტაძემ თქვა, რომ ენერგეტიკის მიმართულებით 2022 წელი რეკორდულია რამდენიმე პარამეტრით. მათ შორის, 11 თვის მონაცემებით ადგილობრივმა გენერაციამ 13 მილიარდ კვტ სთ-ს გადააჭარბა, რაც გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმუმია და შარშანდელ მაჩვენებელს 15%-ით აღემატება.

ასევე 13 მილიარდი კვტ.სთ-ს გადააჭარბა ადგილობრივმა მოხმარებამაც, რაც, ასევე, გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმალური მაჩვენებელია და 4%-ით აღემატება შარშანდელ ნიშნულს. გარდა ამისა, განხორციელდა 988 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიის ექსპორტი, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულში. 

საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსზე საუბრისას, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის დადგმული ენერგოსიმძლავრის ნახევარზე მეტი მარეგულირებელ ჰესებზე მოდის, მოდინებაზე მომუშავე ჰიდროსადგურების წილი 21%-ია. გარდა ამისა, ელექტროენერგეტიკულ ქსელში ჩართულია ხუთი თბო და ქარის ერთი სადგური. მისი თქმით, ადგილობრივი გენერაციის ორმესამედზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, გამომუშავებაში ჰიდროელექტროსადგურების წილმა თითქმის 80%-ს მიაღწია, მათ შორის 42% მარეგულირებელ სადგურების წილია.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში ინვესტორებთან გაფორმდა 68 ხელშეკრულება, რაც ქვეყანაში 800 მლნ დოლარზე მეტ ინვესტიციას გულისხმობს და ადგილობრივ გენერაციას წლიურად 2 მილიარდ კვტ სთ-ზე მეტს შემატებს.

„როდესაც ვსაუბრობთ ინოვაციებზე, მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოში პირველი ნაბიჯები იდგმება მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების მიმართულებით. ჩვენი სამინისტროს ეგიდით შეიქმნა წყალბადის კომიტეტი. კომიტეტში წარმოდგენილი არიან როგორც სახელმწიფო უწყებებისა და კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, კერძო სტრუქტურები. კომიტეტმა შეიმუშავა წყალბადის განვითარების სტრატეგიის პირველადი ვერსია,“ -განაცხადა მიქაუტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები